წითელ ნუსხაში შეტანილი 3 კუბურ მეტრამდე წაბლის უკანონო მოჭრის საქმე გამოძიებას გადაეცა

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ჭიათურაში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევმა 3 კუბურ მეტრამდე წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოჭრა და სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაიტანა.

ინციდენტთან დაკავშირებით, რადგან საქმეში სისხლის სამართლის ნიშნები იკვეთება, მასალები შესაბამის საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნა. სატყეო სამსახურის ინფორმაციით, ავტომანქანა დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული მერქანი ჭიათურის საქმიან ეზოში დაასაწყობეს, სადაც მის შემდგომ განკარგვაზე იმსჯელებენ.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი, კახა ცერცვაძე, აცხადებს, რომ უწყება ხე-ტყის მოპოვების წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო აძლიერებს.

„ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, სატყეო სამსახურების თანამშრომლები სისტემურ პატრულირებას ახორციელებენ. პარალელურად, ვიდეოხაფანგებისა და დრონების გამოყენებით უწყვეტად მიმდინარეობს მონიტორინგი. ნებისმიერ სამართალდარღვევაზე მიიღება კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი სანქციები. ხე-ტყის უკანონო მოპოვებასთან ბრძოლა სააგენტოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა,“ - აღნიშნა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, უწყება მაქსიმალურად მობილიზებულია, რათა შემცირდეს ტყის რესურსებით უკანონო სარგებლობის შემთხვევები.