პოლიციამ მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 67
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წარსულში სხვადასხვა დანაშაულში მხილებული 4 არასრულწლოვანი: 2008 წელს დაბადებული ა.ა., 2006 წელს დაბადებული შ.ო., 2008 წელს დაბადებული მ.ა. და 2009 წელს დაბადებული ნ.ნ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქალაქ მარნეულში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მოიპარეს, საიდანაც დიდი ოდენობით ფულად თანხას დაეუფლნენ.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, ტაქსით გადაადგილებისას დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო დაზიანებულ ჩარიცხვის აპარატებს მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნო.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის ნოემბერში, მარნეულში ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე მაღაზიაც გაქურდეს, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
No article in the selected categories
