ახლა ნაკლებად, მაგრამ მაშინ, როცა შევარდნაძის ეპოქა იდგა, საქართველოში არაერთი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სხვებისგან განსხვავებული გემოვნება ჰქონდა და ზოგმა კაბების კერვა დაიწყო, ზოგმა - ტანსაცმლის, ზოგიც ლილოში ნაყიდ ჩანთებს რაღაც ფოჩებს ამაგრებდა და მოდის ბოლო კივილად ასაღებდა. ჰოდა, იყო ჩვენებები, პოდიუმები, მეტ-ნაკლებად ცნობილი სახეები და ტაშის კვრა. სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი მაშინ უცხო ხილი გახლდათ და ხალხი ყურადღებით ადევნებდა თვალს, „პაკაზებს“ ცალკე გადაცემებიც კი ეძღვნებოდა ხოლმე, მაგრამ ამ გადმოსახედიდან, ეს ყველაფერი უბრალოდ შოუ იყო და რეალურად, არაფერი ჰქონდა საერთო ნამდვილ მოდასთან. მერე და მერე, სიტუაცია უფრო დალაგდა, ვიღაცები, ადრე რომ კუტურიეობას იბრალებდნენ, საერთოდ გაქრნენ, ნაწილმა თავისი სახელობის მაღაზია გააკეთა და დღემდე ამუშავებს...
არაერთი მოდელი სარფიანად გათხოვდა, არაერთმა ტელეკარიერა აიწყო და ბევრმა მცირე ბიზნესიც წამოიწყო. მაშინ პოდიუმზე გამოსვლა 100 დოლარი ღირდა, რაც იმ დროისთვის და მაშინდელი საზომებით, საკმაოდ სოლიდური თანხა იყო. რაღა თქმა უნდა, იყო ცოტა (ან ბევრი) ქალური შური და კონკურენცია, თუ ქიშპი. ეს არა მხოლოდ მოდელებს, არამედ, მათაც ეხებოდა, რომლებიც ამ კაბებს ქმნიდნენ. ჰოდა, სწორედ ერთ-ერთი ასეთი დამწყები დიზაინერი მივიდა მილიციის განყოფილებაში (მაშინ პოლიცია ჩანასახშიც არ იყო) და განაცხადა, რომ „იღუპება“, რადგან „პაკაზის“ წინ, მთავარი კაბა მოპარეს.
„მე ძალიან ნიჭიერი ვარ და შესაბამისად, ძალიან ბევრი მტერი მყავს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ჩემმა მტრებმა, რომ პირველი ჩვენება ჩამიშალონ და დეფილეს მთავარი კაბა მომპარეს. გემუდარებით, მიშველეთ, ორ დღეში ჩვენება მაქვს და ისეთ შედევრს, როგორიც ის კაბაა, ასე მალე ვერ შევქმნი, ორი თვე მოვანდომე და ძლივს დავასრულე“, - იცრემლებოდა დიზაინერი.
სამართალდამცავებმა ერთმანეთს გადახედეს. ახლა, ყველაზე ნაკლებად, სწორედ კაბის მოძებნა ადარდებდათ, თუმცა განცხადება დაიტოვეს და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, „დიკიდეს“. ყველაფერი, დაახლოებით, ერთ საათში შეიცვალა, როცა იმ დიზაინერის სახელოსნოს საწყობში, დარაჯმა ერთ-ერთი მოდელი იპოვა, რომელიც სისხლში ცურავდა, უგონო მდგომარეობაში იყო და რაც მთავარია, ტანზე სწორედ ის დაკარგული კაბა ემოსა. გოგონა სასწრაფო წესით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმები ამბობდნენ, ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა და შეიძლება ვერ გადარჩესო. სამოდელო სააგენტოში სრული ქაოსი იყო, ყველა შეშინებული იყურებოდა აქეთ-იქით, დამწყები დიზაინერი კი, სამართალდამცავებს ემუდარებოდა, ის კაბა დამიბრუნეთ, სხვა მოდელს ვიშოვი და ჩვენებას მოვაწყობო. რეალურად, ახლა მას თავის საქმე აინტერესებდა და არა ის, ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ მოდელი. გააგრძელეთ კითხვა