მიუღებელი და ამორალურია ბაჩო ახალაიას მიერ მოგონილი ამბავი მეგობრების მხილებისთვის მეუღლის დაჭერის მუქარასა და 13 წლის ბავშვის ობლად დატოვებაზე, ეს ცალსახა ტყუილია - სუსი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 75
მიუღებელი და ამორალურია ბაჩო ახალაიას მიერ მოგონილი ამბავი – მეგობრების მხილებისთვის მეუღლის დაჭერის მუქარასა და 13 წლის ბავშვის ობლად დატოვებაზე, – ამის შესახებ სუს-ში აცხადებენ.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბაჩო ახალაიას განცხადება არის ტყუილი და ემსახურება სიმართლის დამახინჯებას.
„ბაჩო ახალაიას განცხადება არის ცალსახა ტყუილი და ემსახურება სიმართლის იმგვარად დამახინჯებას, რომ საზოგადოებას რეალობის საპირისპირო წარმოდგენა ჰქონდეს საგამოძიებო ორგანოში განვითარებულ მოვლენებზე. განსაკუთრებით მიუღებელი და ამორალურია მის მიერ მოგონილი ამბავი „მეგობრების მხილებისთვის მეუღლის დაჭერის მუქარაზე და 13 წლის ბავშვის ობლად დატოვებაზე“.
სინამდვილეში, ჩვენმა თანამშრომლებმა, დაკავების შემდეგ, ახალაიას პირველივე კითხვა დაუსვეს – მხოლოდ მას ჰქონდა სატელეფონო ინტერნეტკონტაქტი ზოდელავასთან, ბურჭულაძესთან და სხვებთან, თუ მის მეუღლე ანა ნადარეიშვილსაც. ბაჩანა ახალაიას იქვე, მოპოვებული უტყუარი მონაცემების შესახებ დეტალური ახსნის პარალელურად განემარტა, რომ დანაშაულის აღიარება-არაღიარების მიუხედავად, თუ ის მხოლოდ საკუთარ ინტერნეტკონტაქტს დაადასტურებდა, მის მეუღლეს გაცილებით მაღალი ალბათობით გამოერიცხებოდა პასუხისმგებლობის სამართლებრივი რისკი. მიუხედავად ამისა, მან ჩვენების მიცემაზე და ხსენებულ კითხვაზე პასუხის გაცემაზე განაცხადა უარი, რის შემდეგაც, პროკურატურასთან კონსულტაციის შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ანა ნადარეიშვილი მაინც გათავისუფლებულიყო დაკავებიდან და გამოძიებას მომავალში ემსჯელა მისი პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით.
ახალაიას მიერ დღეს გაკეთებული განცხადება, განსაკუთრებით მისი ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილების ფონზე, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელთა მაღალი სამართლებრივი და მორალური სტანდარტით მოქმედება მუქარად წარმოაჩინოს, მხოლოდ მის პიროვნულ მახასიათებლებზე მეტყველებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების პროცესში“, – აცხადებენ სუს-ში.
ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ განაცხადა: „სუს-ის შენობაში მითხრეს, შენს ცოლს დავიჭერთ ან პაატა ბურჭულაძესა და სხვებს, ყველას ამხელო, შენი ბავშვი 10 წლით ობლად დარჩებაო. ტერორისტია, ვინც ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა. ეს ვინც დაგავალა გადაეცი – საფლავიდან ამოგთხრი“.
ამასთან, დღევანდელ სხდომაზევე ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა ედება ბრალად.
No article in the selected categories
