ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 58
ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა ბრალდებული, ვინაიდან ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ამჟამად რუსეთის ფედერაციაში იმყოფება. პროკურორის განმარტებით, ბრალდებულმა საქართველო 2025 წლის ივნისში დატოვა. დაცვის მხარის განცხადებით კი, მათთვის უცნობია, კონკრეტულად სად იმყოფება ფარცხალაძე, თუმცა სხდომის მის გარეშე გაგრძელებას არ ეწინააღმდეგებოდნენ.
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
ცნობისთვის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ბრალი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც შეკვეთითა და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე საქმეზე, ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. საქმის ფარგლებში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს რამდენიმე პირის საქმე, რომელთა შორის დაკავებული არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი და სანდრო წივწივაძე. ძებნა გამოცხადებულია დავით მიქაძისა და გიორგი ჯოხაძის მიმართ.
რაც შეეხება ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნა მას შემდეგ გამოცხადდება, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ კანონიერ ძალაში შევა.
No article in the selected categories
