ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით სარფში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული შ.ფ. სარფში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ნ.გ.-მ, აზერბაიჯანში მცხოვრები მეგობრისთვის გადასაცემად, ბრალდებულს 10 000 აშშ დოლარი გაატანა, რაც შ.ფ.-მ უკანონოდ მიითვისა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შ.ფ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც  11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.