"ის იყო ანტიკორუფციული სააგენტოს გამოცდილი კადრი " - სუს-ი გარდაცვლილი თანამშრომლის შესახებ

„რაც იკვეთება ახლა და ვიცით თანამშრომლებისგან - ის ადრე მოვიდა დილით სამსახურში, როგორც ჩანს, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი", - განაცხადეს სუს-ში უწყების თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

"ეს ადამიანი იყო ანტიკორუფციული სააგენტოს ძალიან გამოცდილი და ღირსეული თანამშრომელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. პირველადი, რაც შეგვიძლია გითხრათ, არის ის რომ რამდენიმე თვის წინ საზღვარგარეთ გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია, დაიკლო ათეულობით კილოგრამი, ამის გამო ჰქონდა ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებიც. რაც იკვეთება ახლა და ვიცით თანამშრომლებისგან - ის ადრე მოვიდა დილით სამსახურში, როგორც ჩანს, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით, ავტომანქანის გვერდით სავარძელზე დატოვა წერილი. ეს არის მხოლოდ პირველადი მონაცემები, რაც ჩვენთვის ცნობილია. სხვა დეტალებს გამოძიება დაადგენს", - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

„ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი. მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.