გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

თავდასხმა გიორგი გახარიაზე - შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

"საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. გახარიას თანაგუნდელები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ.

როგორც მედიკსი ამბობს, პაციენტის ჰემოდინამიკა სტაბილურია და მან საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა.

"მოქალაქე შემოყვანილია 02:34 წუთზე სასწრაფოს ბრიგადის მიერ. გადმოცემით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევები. პაციენტი გონზე იყო, ჰემოდინამიკა სტაბილური. ძირითადად გამოხატული იყო ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა. ჰემოდინამიკა იყო სტაბილური, პაციენტმა თავის სურვილით დატოვა კლინიკა", - აღნიშნა ექიმმა თაკო შანთაძემ.