შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო გამოძიება თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში საპროტესტო აუდიოჩანაწერების ჩართვის საქმეზე.
უწყების პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყეს „კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის“ (284-ე) მუხლით, რომლის მიხედვითაც „კრიტიკული ინფორმაციულ სისტემაში უნებართვო შეღწევა“ სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით ისჯება.
დღეს, 24 იანვრის დილით ავტობუსებსა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებიდან ისმოდა საპროტესტო აქციებზე გაჟღერებული
აუდიოჩანაწერების კოლაჟი.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიერ 1991 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის დღეს წარმოთწმული სიტყვა: „9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“
ასევე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას მიერ 1999 წლის 27 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ნათქვამი სიტყა: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი!“
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასევე ისმოდა ევროკავშირის ჰიმნი, „დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!“ და სხვა.
ყოველდღიურად ავტობუსსა და მიკროავტობუსს 700 ათასზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. ტრანსპორტში დამონტაჟებული გადახდის აპარატები კი, მერიის მოთხოვნით, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაითიშა.
დღეს, 24 იანვარს უწყვეტი საპროტესტო აქციების 58-ე დღეა. პროევროპულ მრავალრიცხოვანი აქციების მთავარი მოთხოვნაა ახალი არჩევნების ჩატარება. ასევე, სისხლის სამართლის წესით დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლება.
ყოველდღიური ხალხმრავალი აქციები გასული წლის 28 ნოემბერს დაიწყო, როცა „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.