1 თებერვალს, პოლიცია თითქმის ერთდროულად მივიდა რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ მისამართებზე. მათ შორის არის ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს” დამფუძნებელი, ნენსი ვოლანდი. როგორც თვითმხილველები იუწყებიან, მის სახლში ჩხრეკა ტარდება.
პარალელურად, ტელეწამყვანი და აქტივისტი - ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცნობას, რომ დაკავებულია ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, აქტივისტი ილო ღლონტი. სხვა ინფორმაციით, ის გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის პროცესში, ილია ღლონტმა მის სახლთან შეკრებილ მხარდაჭერებს და მოქალაქეებს უთხრა, რომ მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ეს ყველაფერი ხვალინდელ დაანონსებულ აქციას შეეხება.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია აქტივისტ ისაკო დევიძის დაკავების შესახებაც. ახლობლების თქმით, მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ „სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა“.
ასევე გვითხრეს, რომ - პროცესი მიმდინარეობს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.