ლილოს დასახლებაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

ლილოს დასახლებაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა. ერთი პირი დაკავებულია განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მეორე კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ლ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული ზ.შ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1977 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად თ.ტ., მომხდარიდან რამდენიმე წუთში საკუთარ ავტომობილშივე გარდაიცვალა.

მომხდარიდან რამდენიმე საათში ლ.კ. პოლიციაში გამოცხადდა და დანაშაულის ჩადენის იარაღი წარმოადგინა. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ის ბრალდებულის სახითაა დაკავებული.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო ზ.შ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.