„თბილისი მოლთან“ და სანაპიროზე პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა

პროევროპული აქციების 67-ე დღეს, თბილისის ერთ-ერთ გასასვლელთან, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და სანაპიროზე პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული წესით. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსხურმა მიაწოდა.

31 ადამიანს შორის არცერთი არ დაუკავებიათ სისხლის სამართლის წესით.

გუშინ, 2 თებერვალს დედაქალაქში კიდევ ერთი აქცია გაიმართა ახალი არჩევნების ჩატარებისა და პროევროპულ აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. დემონსტრანტებს აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვა სურდათ.

აქციის მონაწილეები საავტომობილო გზების გადაკეტვას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ კი აღმაშენებლის ხეივნიდან სანაპიროს გავლით რუსთაველის გამზირისკენ წავიდნენ - ორ თვეზე მეტია, სწორედ ამ ადგილზე იმართება უწყვეტი პროტესტი.

აღმაშენებლის გამზირი ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სახელით მიღებული გადაწყვეტილებით, აქციის გამართვამდე 2 დღით ადრე სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალში შეიყვანა და მისი გადაკეტვა აკრძალა. ამ რეგულაციის დარღვევისთვის კი პატიმრობაა გათვალისწინებული.

პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება დაახლოებით 18:00 საათზე დაიწყო. მედიასაშუალებების პირდაპირ ეთერში ჩანდა, როგორ ძალადობდნენ პოლიციელები დაკავების დროს აქციის მონაწილეებზე და აგინებდნენ დემონსტრანტებს.