16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის 9 პირის მიმართ საქმე აღიძრა - პროკურატურა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 73
სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის 9 პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის 4 პიარი დაკავებულია.
"საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2025 წლებში, 9 ტენდერის ფარგლებში, სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და სამშენებლო კომპანია შპს „მშენჯგუფს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულებები: ხელვაჩაურის, ქედის, ნინოწმინდის, წალენჯიხის, ხობის, ლაგოდეხისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, საერთო ჯამში 1550 ბავშვზე გათვლილი, 16 საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაციის თაობაზე.
აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად შპს „მშენჯგუფს“ საერთო ჯამში 18 648 018 ლარი ჩაერიცხა, საიდანაც 4 762 587 ლარი, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მიითვისეს ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, შპს "მშენჯგუფი" 2020 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მისი დირექტორი და 100%-ის მფლობელია ბიზნესმენი გურამ თაბუკაშვილი. კომპანიას დაფუძნებიდან დღემდე 18 ტენდერი აქვს მოგებული, რომელთა ჯამური საკონტრაქტო ღირებულებაც 40 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნულ ტენდერებში რიგ შემთხვევებში მოხდა ვადების გახანგრძლივება რაც პროექტების გაჭიანურებასთან იყო დაკავშირებული. ამასთან, რეესტრის მონაცემებით კომპანიის აქტივები დაყადაღებულია.
No article in the selected categories
