თურქეთში საქართველოს მიერ ძებნილი "კანონიერი ქურდი" დააკავეს

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მიერ, ინტერპოლის მწვანე ცირკულარით ძებნილი "კანონიერი ქურდი" დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც მინისტრი ალი იერლიკაია X-ზე წერს, დაკავებული "კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის" ბრალდებით იძებნებოდა და ის ძირითადად რუსეთში ოპერირებდა.

მისივე ცნობით, ამავე ოპერაციის ფარგლებში დააკავეს რუსეთის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ლ.რ.-ც, რომელსაც ბრალად საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა ედება.

"რუსეთის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით "საერთაშორისო ტერორიზმის" მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ძებნილი პირი ჰათაის პროვინციაში დააკავეს," - წერს მინისტრი X-ზე.