თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება — 12 კილოგრამი მარიხუანა და 2,1 კილოგრამი ჰაშიში ამოიღეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული საშუალებები შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად აღმოაჩინეს.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, მებაჟემ უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის სკანირებისას საეჭვო შიგთავსი დააფიქსირა. შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, ბარგი წითელი სტიკერით მონიშნეს და დეტალურ დათვალიერებას დაუქვემდებარეს.
შემოწმებისას სამგზავრო ჩანთაში აღმოჩნდა 34 ჰერმეტულად დაფასოებული შეკვრა, რომელშიც მარიხუანა იყო მოთავსებული, ასევე — 20 შეფუთვად დაფასოებული ჰაშიში.
გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე და 273-ე პრიმა მუხლებით არის აღძრული, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში გადმოტანას გულისხმობს.
უწყებები დაკავებული პირის მოქალაქეობასა და სხვა დეტალებზე დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებენ.