იტალიაში, ქალაქ ბოლცანოში ძარცვისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ 43 წლის გ.დ.-მ მაღაზიაში ყოფნისას ქურთუკსა და შარვალში საქონლის დამალვა სცადა, პერსონალის მიერ ფაქტის აღმოჩენის შემდეგ კაცმა გაქცევა სცადა და მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, თუმცა თანამშრომლებმა პოლიციის მისვლამდე მისი დაკავება მოახერხეს.
დაკავებულს თან აღმოაჩნდა დიდი ზომის ცივი იარაღი. ქალაქ ბოლცანოს ავტონომიური პროვინციის პოლიციის კომისარმა პაოლო სარტორიმ დაკავებული პირისთვის საერთაშორისო დაცვის სტატუსის გაუქმება მოითხოვა, ეროვნული ტერიტორიიდან გაძევების ბრძანების გათვალისწინებით, რომელიც ძალაში ციხიდან გათავისუფლებისთანავე შევა.
"ძალადობის კიდევ ერთი სერიოზული ეპიზოდი, ჩადენილი განმეორებითი დამნაშავის მიერ, რომელმაც, საერთაშორისო დაცვის სტატუსის გამოყენებით, არაერთხელ აჩვენა, რომ არ სურს ჩვენს ქვეყანაში ინტეგრაცია, არღვევს მის კანონებს და სამოქალაქო თანაარსებობის ყველაზე ძირითად წესებს," - განაცხადა პოლიციის კომისარმა.