საქართველოს პროკურატურა გიორგი მინდაძისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას და ვიდეომასალას ავრცელებს.
როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელებზე თავდასხმისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 29 ნოემბერს თბილისში, 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციის დროს გ.მ.-მ პიროტექნიკა ესროლა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით იქ მდგარ გასაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომელიც ერთ-ერთ სამართალდამცველს ფეხის არეში მოხვდა და დამწვრობა მიიღო.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.