სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი, ინციდენტის მონაწილე თანამესაკნესთან ერთად, დღემდე 18-ე სამკურნალო დაწესებულებაშია, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიეწოდება. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აღსანიშნია, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 11 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში სცემეს, რის შემდეგაც ის თავის არესა და სხეულზე მრავლობითი დაზიანებით "ვივა მედში" გადაიყვანეს. გიორგი ბაჩიაშვილის დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მას სამედიცინო მომსახურება გაუწიეს და ძალის გამოყენებით იმავე პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. ამავე განცხადებაში წერია, რომ ნაცემი ბრალდებული ადვოკატებთან და სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. სახალხო დამცველის წარმომადგენელი კი მას მხოლოდ 12 ივლისს შეხვდა და იმავე დღეს 16:00 საათზე 18-ე სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გიორგი ბაჩიაშვილი წერს, რომ ცემას 3 დღით ადრე წინ უსწრებდა მასთან ციხის დირექტორი, დავით გოგობერიშვილის ვიზიტი, რომელმაც სთხოვა, ბიძინა ივანიშვილისთვის გაეხსნა წვდომა მის საბანკო ანგარიშებზე, კრიპტოვალუტების ბრუნვებსა და ანგარიშის მისამართებზე.
პენიტენციური სამსახურის განცხადებაში წერია, რომ 11 ივლისს პენიტენციური დაწესებულების საკანში ადგილი ჰქონდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მსჯავრდებული გ.ბ. პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2025 წლის 27 მაისს. იგი განთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საცხოვრებელ საკანში, და არა სამარტოო საკანში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამესაკნესთან ერთად, მათ შორის, მიმდინარე წლის 12 ივლისამდე.
დამატებით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს პენიტენციური დაწესებულების საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. მსჯავრდებულ გ.ბ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივა მედში“, მას ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა. ჩაუტარდა ყველა საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა, გაეწია სხვადასხვა ექიმ სპეციალისტთა კონსულტაცია და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციით, იმავე დღეს, დაბრუნებულ იქნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში. ხოლო, მიმდინარე წლის 12 ივლისს, გ.ბ. გადაყვანილ იქნა N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მსჯავრდებული, თანამესაკნესთან ერთად დღემდე იმყოფება N18 სამკურნალო დაწესებულებაში.
ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინციდენტის დაფიქსირების დღიდან, 2025 წლის 11 ივლისიდან აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებისა და პირების მიერ გახშირდა პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით ცილისმწამებლური განცხადებებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები, გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ დარჩება შესაბამისი რეაგირების გარეშე. სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას თავი შეიკავონ ყველა სახის დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.