დროა, დასრულდეს ღია საზღვრების წარუმატებელი ექსპერიმენტი, თქვენი ქვეყნები ჯოჯოხეთისკენ მიექანებიან - ტრამპი

გაერო არა მხოლოდ არ გვეხმარება პრობლემების მოგვარებაში, ხშირად ის ქმნის პრობლემებს, რომელთა მოგვარება ჩვენ გვიწევს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე განაცხადა.

ტრამპის თქმით, ამის საუკეთესო მაგალითია ჩვენი დროის ნომერ პირველი პოლიტიკური საკითხი – უკონტროლო მიგრაციის კრიზისი.

„თქვენი ქვეყნები ნადგურდება. გაერო აფინანსებს დასავლურ ქვეყნებსა და მათ საზღვრებზე შეტევას. 2024 წელს გაერო-მ გამოყო 372 მილიონი დოლარი დაახლოებით 624 ათასი მიგრანტის აშშ-ში ჩასვლის მხარდასაჭერად. დაფიქრდით ამაზე, გაერო მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებიც არალეგალურად ჩამოდიან აშშ-ში და შემდეგ ჩვენ მათი გაძევება გვიწევს. გაერო უზრუნველყოფს საკვებით, თავშესაფრით, ტრანსპორტით არალეგალურ უცხოელებს. წარმოგიდგენიათ? სულ რაღაც ერთი წლის წინ მილიონობით ადამიანი შემოდიოდა სამხრეთის საზღვრიდან. ბაიდენის არაკომპეტენტური ადმინისტრაციის ოთხი წლის განმავლობაში 25 მილიონი ადამიანი შემოვიდა და ახლა ჩვენ ეს ყველაფერი შევაჩერეთ. ისინი აღარ მოდიან, რადგან იციან, რომ ვეღარ შემოვლენ. თუმცა ის, რაც მოხდა, აბსოლუტურად მიუღებელია. გაერო-მ უნდა შეაჩეროს შეჭრა და არა ხელი შეუწყოს და დააფინანსოს ეს. აშშ-ში ჩვენ უარვყოფთ იდეას, რომ სხვა ქვეყნებიდან დიდი რაოდენობის ადამიანებს შეუძლიათ ნახევარი მსოფლიოს გამოვლა, შემოიჭრან ჩვენს საზღვრებზე, დაარღვიონ ჩვენი სუვერენიტეტი, გამოიწვიონ დაუფარავი დანაშაული, ძირი გამოუთხარონ ჩვენს სოციალურ უსაფრთხოებას. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ამერიკა ეკუთვნის ამერიკელ ხალხს და მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, დაიკავონ საკუთარი პოზიცია საკუთარი მოქალაქეების დაცვაში. თქვენ უნდა გააკეთოთ ეს, რადგან მე ვხედავ, რომ თქვენ ანადგურებთ თქვენს ქვეყნებს.

ქვეყნები ნადგურდება. ევროპას სერიოზული პრობლემები აქვს. არალეგალური უცხოელები შეედინებიან ევროპაში და არავინ არაფერს აკეთებს ამის შესაცვლელად, მათ გასაძევებლად, ვინაიდან მათ აირჩიეს, იყვნენ პოლიტიკურად კორექტულები. ისინი აბსოლუტურად არაფერს აკეთებენ ამასთან დაკავშირებით. შეხედეთ ლონდონს, სადაც საშინელი მერი ჰყავთ. ის ძლიერ შეიცვალა. ახლა მათ შარიათზე გადასვლა სურთ, თუმცა თქვენ განსხვავებულ ქვეყანაში ხართ, თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება. იმიგრაცია და მათი თვითმკვლელი ენერგეტიკული იდეები იქნება დასავლეთ ევროპის სიკვდილი, თუ რამე დაუყოვნებლივ არ გაკეთდება. ასე გაგრძელება არ შეიძლება. რაც მსოფლიოს ასე მშვენიერს ხდის, არის ის, რომ თითოეული ქვეყანა უნიკალურია, თუმცა ეს რომ ასე დარჩეს, თითოეულ სუვერენულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს საკუთარი საზღვრების კონტროლის უფლება. თქვენ გაქვთ თქვენი საზღვრების კონტროლის და თქვენს ქვეყანაში შესული მიგრანტების რაოდენობის შეზღუდვის უფლება, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ“, – განაცხადა ტრამპმა.

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ევროპის საბჭოს მონაცემებით, 2024 წელს გერმანიაში პატიმრების თითქმის 50 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მიგრანტი იყო. მისი თქმით, ავსტრიაში ეს მაჩვენებელი 53%-ია, საბერძნეთში – 54%, შვეიცარიაში კი – 72%.

„ციხეები როცა სავსეა ე.წ. თავშესაფრის მაძიებლებით, რომლებმაც სიკეთეს დანაშაულით გადაუხადეს, დროა, დასრულდეს ღია საზღვრების წარუმატებელი ექსპერიმენტი. თქვენ ის ახლა უნდა დაასრულოთ. თქვენი ქვეყნები ჯოჯოხეთისკენ მიექანებიან“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.