გარდაიცვალა კლაუდია კარდინალე
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 48
87 წლის ასაკში გარდაიცვალა იტალიელი კინომსახიობი კლაუდია კარდინალე.
მე-20 საუკუნის იტალიური და ფრანგული კინემატოგრაფის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი კლაუდია კარდინალე 23 სექტემბერს გარდაიცვალა პარიზის მახლობლად, ქალაქ ნემურში, სადაც ბოლო წლებში ცხოვრობდა.
მსახიობის აგენტმა ლორან სავრიმ სააგენტო „ფრანს პრესს“ უთხრა, რომ კლაუდია კარდინალე შვილების გარემოცვაში გარდაიცვალა.
კლაუდია კარდინალემ პოპულარობა 1960-იანი წლებიდან მოიპოვა. 1963 წელს ის ფედერიკო ფელინიმ გადაიღო თავის ცნობილ, „ოსკარის" მფლობელ ფილმში „8½". იმავე წელს კლაუდია კარდინალემ ბერტ ლანკასტერსა და ალენ დელონთან ერთად მთავარი როლი შეასრულა ლუკინო ვისკონტის ფილმში „ლეოპარდი“, რომელიც კანის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.
1993 წელს ვენეციის კინოფესტივალზე კლაუდია კარდინალე „ოქროს ლომით" დააჯილდოვეს მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის.
2002 წელს ბერლინის კინოფესტივალზე კლაუდია კარდინალეს გადაეცა საპატიო ჯილდო „ოქროს დათვი“ კინემატოგრაფის სფეროში მიღწევებისთვის.
კლაუდია კარდინალე იყო იტალიის და საფრანგეთის უმაღლესი ორდენების კავალერი.
2011 წელს გამოცემა Los Angeles Times-მა კლაუდია კარდინალე შეიყვანა კინოს ისტორიაში 50 ყველაზე ლამაზი ქალის სიაში.

No article in the selected categories