უკრაინა ზამთრის სეზონზე გაზის იმპორტს საბერძნეთიდან უზრუნველყოფს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა ზამთრის სეზონისთვის ენერგოდამოკიდებულების რისკების შესამცირებლად გაზის იმპორტს საბერძნეთიდან განახორციელებს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„უკვე მზად გვაქვს შეთანხმება საბერძნეთთან უკრაინისთვის გაზის მიწოდების შესახებ, რაც კიდევ ერთი მარშრუტი იქნება ზამთრისთვის იმპორტის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად. ასევე მიღწეულია შეთანხმება იმპორტის დაფინანსებაზე. დაკმაყოფილდება თითქმის 2 მილიარდი ევროს მოთხოვნა, რომელიც საჭიროა რუსეთის დარტყმებით დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ენერგოსისტემის ზარალის შესავსებად,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება საბერძნეთში დაგეგმილი ვიზიტის წინ გააკეთა. მისი ცნობით, შეხვედრების დასრულების შემდეგ, ის საფრანგეთსა და ესპანეთში ოფიციალური ვიზიტებით გაემგზავრება.