აშშ-მ 19 არაევროპული ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო განაცხადების განხილვა შეაჩერა

აშშ-მ 19 არაევროპული ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო განაცხადების განხილვა შეაჩერა. კერძოდ, საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებსაც აშშ-ში მოგზაურობის ნაწილობრივ აკრძალვა ჯერ კიდევ ივნისში დაუწესეს. ეს ქვეყნებია: ავღანეთი, ბირმა, ჩადი, კონგოს რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ჰაიტი, ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი, იემენი, ბურუნდი, კუბა, ლაოსი, სიერა-ლეონე, ტოგო, თურქმენეთი და ვენესუელა. შეზღუდვის მიზეზად უსაფრთხოება სახელდება.

ცნობისთვის, გასულ კვირას ვაშინგტონში მომხდარი სროლის შედეგად შეიარაღებული ძალების ერთი ოფიცერი დაიღუპა, ერთი კი მძიმედაა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი ავღანელი მოქალაქეა, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს.

აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) წარმომადგენელმა, მეთიუ ტრაგესერმა, New York Times-ს დაუდასტურა საიმიგრაციო განაცხადების განხილვის შეჩერების შესახებ. „ტრამპის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოქალაქეობაზე ორიენტირებული პირები საუკეთესოთა შორის საუკეთესოები იყვნენ. მოქალაქეობა პრივილეგიაა და არა უფლება“, - თქვა მან.

იმიგრანტთა იურისტები აცხადებენ, რომ ზოგიერთ მათ კლიენტს მოქალაქეობის შესახებ მოსმენები ამ კვირაში ჰქონდა, რომლებიც გაუქმდა. ცნობისთვის, ნატურალიზაციის ცერემონია განაცხადების ხუთწლიანი დამუშავების კულმინაციაა.