EU-ში რუსული გაზის იმპორტის სრულ აკრძალვაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ 2027 წლის ბოლოდან რუსული გაზის იმპორტს შეწყვეტენ.

შეთანხმების მიხედვით, გაზსადენით მიღებული რუსული გაზის იმპორტს ბლოკი 2027 წლის ბოლოდან შეწყვეტს, გათხევადებული გაზის [LNG] შემთხვევაში კი აკრძალვა 2026 წლის ბოლოს შევა ძალაში.

ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც ევროკავშირი შიდა წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეწევა და რაც გულისხმობს რუსულ ენერგორესურსებზე ეტაპობრივად უარის თქმას. როგორც Reuters წერს, რუსული ნავთობის ევროკავშირში იმპორტი 2027 წლის ბოლოს შეწყდება და იმპორტის შეჩერების პირობებზე ევროკომისია ოფიციალურ დოკუმენტს 2026 წლის დასაწყისში გამოაქვეყნებს.

წინასწარ შეთანხმებული გეგმით, 2025 წლის 17 ივნისამდე გაფორმებული მოკლევადიანი კონტრაქტების შემთხვევაში, LNG-ის იმპორტის აკრძალვა ძალაში შევა 2026 წლის 25 აპრილიდან, ხოლო მილსადენებით ტრანსპორტირებული გაზისთვის - 2026 წლის 17 ივნისიდან.

3 დეკემბერს მიღწეული შეთანხმებით, წევრი ქვეყნები მარტამდე ევროკომისიას წარუდგენენ გაზისა და ნავთობის "ეროვნული დივერსიფიკაციის" გეგმას. ასევე ვალდებულები იქნებიან ევროკავშირს მიაწოდონ ინფორმაცია რუსული გაზის არსებული კონტრაქტების შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე კი ევროკომისია ცალკეული ქვეყნებისთვის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

როგორც Reuters წერს, ოქტომბრის მდგომარეობით რუსეთის წილი ევროკავშირის გაზის იმპორტში 12%-ს აღწევდა, მაშინ როცა 2022 წელს (უკრაინის ომამდე) ეს მაჩვენებელი 45%-ს აღწევდა. ამ ეტაპზე რუსული გაზის მთავარი მომხმარებელი ბლოკის შიგნით უნგრეთი, საფრანგეთი და ბელგია არიან. უნგრეთი სლოვაკეთთან ერთად აქტიურად ეწინააღმდეგება რუსული ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვას.

ევროკავშირში მიღებულ ამ გადაწყვეტილებას უკვე უპასუხეს კრემლში. დმიტრი პესკოვის განცხადებით, თუ ევროპა რუსულ გაზს აღარ იყიდის, უფრო ძვირი ბუნებრივი გაზის იმპორტზე დამოკიდებული გახდება.