აშშ-ში, ბრაუნის უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ცხრა სტუდენტი

აშშ-ში, ბრაუნის უნივერსიტეტში სროლის შედეგად ორი სტუდენტი დაიღუპა, სულ მცირე, ცხრა კი დაშავდა, თავდამსხმელი ჯერ არ დაუკავებიათ, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ინციდენტი ბრაუნის უნივერსიტეტში ადგილობრივი დროით 16:00 საათზე მოხდა, რა დროსაც სტუდენტებს გამოცდები ჰქონდათ. დაშავებული ცხრა ადამიანიდან შვიდი კრიტიკულ მდგომარეობაშია. პოლიციის თქმით, ყველა დაშავებული სტუდენტია.

ადგილზე 400-ზე მეტი სამართალდამცავია მობილიზებული. უნივერსიტეტი ამ დროისთვის ჩაკეტილია. პოლიცია კამპუსის ტერიტორიაზე ეჭვმიტანილს ეძებს. თავდამსხმელის ვინაობა ჯერ უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეჭვმიტანილი 30 წლამდე შავებში ჩაცმული მამაკაცია.

ბრაუნის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ასობით შენობაა, მათ შორის ლაბორატორიები და საერთო საცხოვრებლები. უნივერსიტეტში 11 000 სტუდენტი სწავლობს, რომლებიც ამ დრომდე იზოლაციაში არიან.

აღნიშნულს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვითარების შესახებ ინფორმირებულია.

„ეს საშინელებაა. ყველაფერი, რაც შეგვიძლია, ახლა გავაკეთოთ, ლოცვაა დაღუპულებისთვის და მათთვის, ვინც დაშავდა“, – განაცხადა ტრამპმა.