აშშ-ის გენერალური პროკურორის ცნობით, ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს ნარკოტერორისტულ შეთქმულებასა და აშშ-ის საწინააღმდეგოდ დესტრუქციული მოწყობილობების შენახვისთვის წაუყენეს ბრალი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 278
აშშ-ის გენერალური პროკურორის, პამელა ბონდის განცხადებით, ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს, სილია ფლორესს, ნიუ იორკის სამხრეთ რაიონში ბრალი წაუყენეს.
აშშ-ის გენერალური პროკურორის მტკიცებით, ნიკოლას მადუროს ბრალი წაუყენეს ნარკოტერორისტულ შეთქმულებაში, კოკაინის შეტანის შეთქმულებაში, ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების შენახვაში, ასევე ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ.
„ისინი მალე ამერიკული მართლმსაჯულების სრულ რისხვას შეხვდებიან ამერიკის ტერიტორიაზე, ამერიკულ სასამართლოებში. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს ამერიკელი ხალხის სახელით პასუხისმგებლობის მოთხოვნის გამბედაობისთვის და უდიდესი მადლობა ჩვენს მამაც სამხედროებს, რომლებმაც ჩაატარეს წარმოუდგენელი და უაღრესად წარმატებული მისია ამ ორი სავარაუდო საერთაშორისო ნარკოტრეფიკერის დასაკავებლად“ – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სამხედროებმა ვენესუელაში სამხედრო ბაზები, ქვეყნის მთავარი პორტი და პარლამენტის შენობა დაბომბეს. ვენესუელის მთავრობამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ვენესუელის მთავრობამ აშშ თავდასხმაში დაადანაშაულა და „სამხედრო აგრესია“ დაგმო, ამ აგრესიის მიზნად კი ვაშინგტონის მიერ ქვეყნის ნავთობისა და მინერალების მითვისების სურვილი დაასახელა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ნიკოლას მადურო არ არის ვენესუელის პრეზიდენტი, ის ნარკოტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელია, რომელსაც ბრალად ედება აშშ-ში ნარკოტიკების შეტანა.
No article in the selected categories
