დონალდ ტრამპი სამხედრო ბიუჯეტის 1,5 ტრილიონ დოლარამდე გაზრდას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტი სამხედრო ბიუჯეტის 1,5 ტრილიონ დოლარამდე გაზრდას ითხოვს. ამის შესახებ დონალდ ტრამპი truth social-ზე წერს.

„სენატორებთან, კონგრესმენებთან, მდივნებსა და სხვა პოლიტიკურ წარმომადგენლებთან ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების შემდეგ გადავწყვიტე, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, განსაკუთრებით ამ ძალიან პრობლემურ და საშიშ დროს, ჩვენი 2027 წლის სამხედრო ბიუჯეტი არ უნდა იყოს ერთი ტრილიონი დოლარი, არამედ უნდა იყოს 1.5 ტრილიონი დოლარი. ეს საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ „ოცნების ჯარი“, რისი უფლებაც დიდი ხანია, გვაქვს. რაც მთავარია, ეს უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას, მტრის მიუხედავად“, – წერს ტრამპი.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ იმ უზარმაზარი შემოსავლის გამო, რომელიც ტარიფებით შედის ქვეყანაში, მას საშუალება ეძლევა, სამხედრო ბიუჯეტი გაზარდოს.

„ერთ ტრილიონ დოლარს დავტოვებდი, მაგრამ ტარიფებისა და მათ მიერ მოტანილი უზარმაზარი შემოსავლის, გენერირებული თანხების გამო, რაც წარსულში წარმოუდგენელი იქნებოდა (განსაკუთრებით ერთი წლის წინ, ჯო ბაიდენის მძინარე ადმინისტრაციის, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტის დროს), ჩვენ შეგვიძლია, მარტივად მივაღწიოთ 1.5 ტრილიონ დოლარს. ამავდროულად, შევქმნათ შეუდარებელი სამხედრო ძალა და შევძლოთ ვალის დაფარვა, ასევე, მნიშვნელოვანი დივიდენდების გადახდა ჩვენი ქვეყნის საშუალო შემოსავლის მქონე პატრიოტებისთვის“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.