საპროტესტო აქციებისას დაღუპულთა პატივსაცემად ირანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ირანმა საპროტესტო აქციებისას დაღუპულთა პატივსაცემად სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. ინფორმაციას ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი მსხვერპლის გამო „ღრმად შეძრულია“.

ამასთან, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ხვალ ირანში ხელისუფლების მხარდამჭერების კონტრაქცია გაიმართება. მედიის ცნობით, დემონსტრაცია თეირანის ცენტრში, ენქელაბის მოედანზე, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე გაიმართება. IRNA-ს ცნობით, აქციის გზავნილი იქნება „მეამბოხეებისა და შეიარაღებული ტერორისტების ქმედებების დაგმობა“.

ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციები, 14 დღეა, გრძელდება. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ.

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 538 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 490 აქტივისტია, 48 კი ირანის უსაფრთხოების თანამშრომელი. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 10 000 აქტივისტია დაკავებული.