ლუვრის ბილეთის ფასი 45%-ით ძვირდება
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 34
14 იანვრიდან ლუვრის მუზეუმის ვიზიტორთა ნაწილისთვის ბილეთის ფასი 22 ევროს ნაცვლად 32 ევროს შეადგენს. კერძოდ ფასის ზრდა ეხება ვიზიტორებს, რომლებიც მუზეუმს ეწვევიან ევროპის ეკონომიკური ზონის გარედან (European Economic Area (EEA) მოიცავს ევროკავშირს, ისლანდიას, ლიხტენშტაინს და ნორვეგიას).
ცვლილება ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაანონსდა, მიზეზად კი მუზეუმის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება დასახელდა. მუზეუმის მოლოდინით ფასის ზრდა დამატებით წლიურად 15-20 მილიონ ევროს შემოსავალს მოუტანს მუზეუმს.
ლუვრის მუზეუმთან ერთად საფრანგეთის მასშტაბით ბილეთის ფასი ასევე იზრდება ვერსალის სასახლეში, პარიზის ოპერასა და სენ-შაპელში. საფრანგეთის კულტურის სამინისტროს განმარტებით განახლებული ფასების პოლიტიკა ყველა სახელმწიფო მუზეუმსა და ტურისტულ ობიექტს აძლევს საშუალებას სურვილის შემთხვევაში უფრო მაღალი ფასები დააწესონ.
ფასის ცვლილებას კრიტიკა მოჰყვა როგორც საფრანგეთში ასევე საზღვარგარეთაც. პარიზის ქუჩებში გამოკითხული ტურისტების თქმით პრაქტიკა გავრცელებულია მრავალ განვითარებად ქვეყანაში, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ საფრანგეთი მდიდარი ქვეყანა უნდა იყოს და განსხვავებული ტარიფები უცხოელებისთვის სამართლიანი არაა.
ე.წ. “ორმაგი ფასი”, როდესაც უცხოელი ვიზიტორები განსხვავებული ტარიფებით სარგებლობენ, მსგავს დაწესებულებებში ცნობილი პრაქტიკაა მსოფლიოს მასშტაბით. გიზას პირამიდების დათვალიერება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ადგილობრივთან შედარებით $14-ით ძვირი უჯდება, ტაჯ-მაჰალის კი დაახლოებით $11,5-ით. ამერიკის ეროვნული პარკების წლიურ ბილეთში უცხო ქვეყნის მოქალაქე $250-ს იხდის, მაშინ როდესაც ადგილობრივებისთვის ფასი მხოლოდ 80 აშშ დოლარია.
რაც შეეხება სტატისტიკას, ლუვრის მუზეუმს 2025 წელს 9 მილიონი ვიზიტორი ეწვია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს რეკორდული მაჩვენებელი არ არის, რადგან 2018 წლის შემდეგ, როდესაც ლუვრს წლის განმავლობაში 10,2 მილიონი ადამიანი ეწვია, ლუვრში ვიზიტორების დღიური ლიმიტი დაწესდა - 30 000 ადამიანი.
2025 წელს ლუვრის ვიზიტორთა 27% საფრანგთის მოქალაქე იყო, დანარჩენი 73% უცხოელი ვიზიტორებისგან კი ევროპის ეკონომიკური ზონის გარედან მუზეუმს მხოლოდ 40% ეწვია. დაახლოებით 13% აშშ-ს მოქალაქეა, 5% ჩინეთის. ხოლო ჯამური ვიზიტორების 60% ლუვრს პირველად ეწვია.
No article in the selected categories
