ტრამპი ჰარვარდის უნივერსიტეტისგან კომპენსაციის სახით $1 მილიარდს ითხოვს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 46
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციასა და სასწავლებელს შორის მიმდინარე დაპირისპირების ფარგლებში, ჰარვარდის უნივერსიტეტისგან ზიანის ანაზღაურების სახით 1 მილიარდ დოლარს მოითხოვს.
ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უნივერსიტეტთან მოლაპარაკებებისას, 200 მილიონი დოლარის გადახდის მოთხოვნაზე უკან დახევა მოუწია.
ტრამპმა NYT-ის სტატია Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ახსენა და ჰარვარდი New York Times-ისთვის "უამრავი სისულელის მიწოდებაში" დაადანაშაულა.
ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტმა პალესტინის მხარდამჭერი პროტესტების დროს ანტისემიტიზმთან საბრძოლველად საკმარისი არ გააკეთა. ჰარვარდმა ეს ბრალდება უარყო.
ჰარვარდი თეთრი სახლის კამპანიის მთავარი სამიზნეა, რომლის მიზნად, ადმინისტრაციის თქმით, ამერიკულ კამპუსებში "რადიკალური მემარცხენე" იდეოლოგიების აღმოფხვრაა.
გასული წლის აპრილში ტრამპმა ჰარვარდს დაახლოებით $2 მილიარდის კვლევითი გრანტები გაუუქმა და ფედერალური დაფინანსება შეუჩერა.
უნივერსიტეტმა ამ ქმედების გამო ტრამპის ადმინისტრაციას უჩივლა და განაცხადა, რომ არცერთ მთავრობას "არ უნდა ჰქონდეს უფლება, უკარნახოს კერძო უნივერსიტეტებს, რა ასწავლონ, ვინ მიიღონ და დაასაქმონ, და კვლევისა თუ შესწავლის რომელ სფეროებს გაჰყვნენ".
მოგვიანებით, აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ მილიარდობით დოლარის დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება გააუქმა და დაადგინა, რომ მთავრობამ უნივერსიტეტის გამოხატვის თავისუფლება დაარღვია.
თეთრმა სახლმა პირობა დადო, რომ "აღმაშფოთებელ გადაწყვეტილებას" დაუყოვნებლივ გაასაჩივრებდა და განაცხადა, რომ ჰარვარდი "მომავალში გრანტების მიღების უფლების არმქონედ“ რჩება."
ტრამპის განცხადებამდე, მთავრობა ჰარვარდთან ფედერალური დაფინანსების აღდგენის პოტენციურ გარიგებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
"ჩვენ ახლა ზიანის ანაზღაურების სახით ერთ მილიარდ დოლარს ვითხოვთ და მომავალში ჰარვარდის უნივერსიტეტთან არანაირი საქმის დაჭერა აღარ გვსურს", - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
მან ჰარვარდი "სერიოზულ და ამაზრზენ უკანონობაში" დაადანაშაულა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ, მისი აზრით, როგორ დაარღვია უნივერსიტეტმა კანონი ან რა ზიანი მიაყენა მან ტრამპის ადმინისტრაციას.
ტრამპი მანამდე ჰარვარდს გადასახადებისგან გათავისუფლებული სტატუსის გაუქმებითა და იმ პატენტებზე კონტროლის აღებით ემუქრებოდა, რომლებიც ფედერალურად დაფინანსებული კვლევების შედეგად შეიქმნა.
"აივი ლიგის" (Ivy League) სამმა სხვა უნივერსიტეტმა - კოლუმბიამ, პენსილვანიამ და ბრაუნმა - სასამართლო დავის ნაცვლად ტრამპთან გარიგება გააფორმეს, რათა შეენარჩუნებინათ დაფინანსება, რომელსაც ადმინისტრაციის მსგავსი პრეტენზიების გამო საფრთხე ემუქრებოდა.
No article in the selected categories
