ისრაელი ტრამპის “მშვიდობის საბჭოს” შეუერთდა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 44
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ქვეყნის ტრამპის “მშვიდობის საბჭოში” გაწევრიანებას გულისხმობს.
როგორც უცხოური მედია წერს, ხელმოწერის ცერემონია Blair House-ში, შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრის პარალელურად შედგა.
გაწევრიანების ხელმოწერით დადასტურების შემდეგ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეწვია და აშშ-ირანის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ისრაელის პოზიცია გააცნო.
უცნობია, კონკრეტულად რა დეტალები განიხილეს მხარეებმა, თუმცა ისრაელისა და შტატების ლიდერებმა მედიასთან შეხვედრა არ ისურვეს. ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში მხოლოდ ის დაწერა, რომ მასსა და მის ისრაელელ კოლეგას შორის საინტერესო დიალოგი შედგა და რომ მხარეებმა შეხედულებები გაცვალეს.
რაც შეეხება ტრამპის “მშვიდობის საბჭოს”, რომელიც ოფიციალურად წლევანდელ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში დაფუძნდა, მისი ამჟამინდელი ამოცანა ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მე-2 პუნქტის ამოქმედება, ზედამხედველობა და იმის უზრუნველყოფაა, რომ კონფლიქტის ზონაში ომი ერთხელ და სამუდამოდ შეწყდება. ამ საბჭოს აღმასრულებელი ბორდის წევრმა, ბიზნესმენმა და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერმა იანვრის თვეში ღაზას რეკონსტრუქციის გეგმაც წარადგინა. გეგმა, რომელიც ნაომარი სექტორის მრავალმხრივ განვითარებას, მათ შორის იქ სასტუმროების აგებას, ტურიზმის ხელშეწყობას, პორტის აშენებას, მონაცემთა ცენტრების გახსნას, საცხოვრებელი და კულტურული ზონების შექმნას გულისხმობს. “მშვიდობის საბჭოს” წევრი სახელმწიფოები, მათ შორის, საუდის არაბეთი, თურქეთი და კატარი აქტიურად ცდილობენ ღაზაში გამაგრებული ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასის” იარაღის დაყრაზე დათანხმებას. მათი ხელმძღვანელობის მოთხოვნა კი ახალი ღაზას საპოლიციო და თავდაცვით დანაყოფებში გადასვლაა, რასაც ნეთანიაჰუს ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება. სავარაუდოა, რომ “მშვიდობის საბჭოში” ისრაელის გაერთიანება მიზნად პროცესებში მეტი უფლების მიღებას შეუწყობს ხელს. შეგახსენებთ, ამჟამად გაეროს ალტერნატიულ ორგანიზაციად ჩამოყალიბებულ საბჭოში მსოფლიოს ათობით ქვეყანა, მათ შორის, საქართველოს მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანიც არიან გაწევრიანებული.
No article in the selected categories
