ირანის ომი უნდა შეწყდეს, სანამ ცეცხლი მთელ რეგიონს მოედება - ერდოღანი
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 40
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოთხშაბათს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებები სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს, რადგან “არსებობს საფრთხე, რომ ცეცხლი მთელ რეგიონს მოედოს”.
ერდოღანის თქმით, მხარეებმა არჩევანი პრობლემის ისევ დიპლომატიურად გადაჭრაზე უნდა შეაჩერონ. ქვეყნის ლიდერი აცხადებს, რომ ანკარა მზადაა, ითანამშრომლოს ყველა მხარესთან და მათ კონფლიქტის დასრულებაში ხელი შეუწყოს.
თურქეთის ლიდერმა აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო კამპანიას საერთაშორისო სამართლის „აშკარა დარღვევა“ უწოდა, თუმცა სხვა მსოფლიო ლიდერების მსგავსად, თავი შეიკავა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელობითი კრიტიკისგან. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ანკარა განსაკუთრებული სიფრთხილით მოქმედებს, რათა ქვეყანა ომში ჩართვის მოსალოდნელი საფრთხისგან დაიცვას. შეგახსენებთ, გასული კვირის განმავლობაში NATO-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთის სამხრეთით ორი ირანული რაკეტა გადაიჭირეს, რის შემდეგაც ალიანსმა რეგიონში თავდაცვითი პოზიციები კიდევ უფრო გააძლიერა.
ერდოღანის შემდეგ სიტყვით გამოვიდა თურქეთის ოპოზიციის ლიდერი, ოზგურ ოზელიც, რომელმაც ერდოღანი ტრამპის მიმართ „მორცხვი დუმილის“ გამო გააკრიტიკა. ოზელის განცხადებით, პრეზიდენტი შტატების ლიდერის სახელის ხსენებას პერსონალური ურთიერთობების შენარჩუნების გამო ერიდება, რაც “ტრამპს უფრო მეტ გამბედაობას მატებს”. ოპოზიციის აზრით, თურქეთის ამგვარი პოზიცია ნეიტრალიტეტს სულაც არ ნიშნავს.
No article in the selected categories
