რა უჯდება აშშ-ს ირანთან ომი ყოველდღიურად?

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის უკანასკნელი მონაცემებით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო კამპანია ამერიკის შეერთებულ შტატებს დღეში საშუალოდ $500 მილიონი დოლარი უჯდება.

CSIS-ის ანალიტიკოსების განმარტებით, ომის დაწყებიდან პირველი ექვსი დღის განმავლობაში ვაშინგტონის დანახარჯებმა $12.7 მილიარდ დოლარს მიაღწია, დღეისათვის კი ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, უკვე $18-20 მილიარდ დოლარს სცილდება. აღსანიშნავია, რომ ხარჯების უდიდესი ნაწილი ძვირად ღირებულ შეიარაღებაზე მოდის, მათ შორის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებზე, რომელთაგან თითოეულის ღირებულება $3.5 მილიონი დოლარია.

კვლევითი ინსტიტუტის ანალიზი აჩვენებს, რომ $5.5 მილიარდი დოლარი მხოლოდ შეტევითი ოპერაციებისთვის საჭირო შეიარაღებაზე დაიხარჯა, ხოლო ირანული რაკეტებისა და დრონების მოსაგერიებლად გამოყენებული საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის THAAD-ის ღირებულებამ $5.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა ამერიკულმა სამხედრო ავიაციამაც, რომლის ჩანაცვლებაც ბიუჯეტს დამატებით $1.4 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მიმდინარე ოპერაცია “ეპიკური მრისხანება” 28 თებერვალს დაიწყო და მის ფარგლებში უკვე 15,000-ზე მეტი ირანული სამიზნე განადგურდა. ომის შედეგად ფაქტობრივად გაჩერდა ჰორმუზის სრუტეც, რამაც გლობალურ ეკონომიკას დამატებითი ფინანსური დარტყმა მიაყენა. აღსანიშნავია, თეთრი სახლი ომის ზუსტი ფასის დასახელებას ამ დრომდე არიდებს თავს, თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტები შიშობენ, რომ არადეკლარირებული კონფლიქტი ამერიკულ არსენალსა და ბიუჯეტს მნიშვნელოვნად გამოფიტავს.