აშშ-ირანის მოლაპარაკება პაკისტანში გაიმართება
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 51
აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად 10 აპრილს უნდა დაიწყოს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში.
შეერთებული შტატები და ირანი საბრძოლო მოქმედებების ორი კვირით შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის გახსნას 7 აპრილს დასთანხმდნენ პაკისტანის შუამავლობით.
7 აპრილი იყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დათქმული ვადა, რომლის ამოწურვის შემდეგ ირანს ელექტროსადგურების, ხიდების და სხვა ობიექტების დაბომბვით და ზოგადად, „ცივილიზაციის“ განადგურებით ემუქრებოდა, თუ თეირანი არ გახსნიდა ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეს.
ტრამპის მიერ დათქმული ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე პაკისტანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს და ირანს გადასცა სამშვიდობო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების ორი კვირით შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის გახსნას.
აშშ-ის პასუხი
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით, რომ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის ჰორმუზის სრუტეს. დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება 7 აპრილს გამოაცხადა.
ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში თავის გვერდზე დაწერა, რომ ირანისგან მიიღეს 10-პუნქტიანი წინადადება, რომელიც მოლაპარაკებების საფუძველია.
აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, ცეცხლის დროებით შეწყვეტას, რომელიც ორმხრივი იქნება, დასთანხმდა იმის გათვალისწინებით, რომ ირანში ყველა სამხედრო მიზანს გადაჭარბებით მიაღწიეს.
საბრძოლო მოქმედებების ორი კვირით შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა სააგენტო „ფრანს პრესთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანზე „სრული და უპირობო გამარჯვება“ მოიპოვა.
ირანის პასუხი
ცეცხლის ორი კვირით შეწყვეტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებიდან დაახლოებით ერთ საათში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ და ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ გამოაცხადეს, რომ თუ ირანის წინააღმდეგ შეტევა შეჩერდება, შეიარაღებული ძალები შეწყვეტენ საპასუხო დარტყმებს და ორი კვირის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოდ გავლა ირანის შეიარაღებულ ძალებთან „კოორდინაციით“ და „ტექნიკური შეზღუდვების“ გათვალისწინებით.
არაყჩის ინფორმაციით, ირანი განიხილავს აშშ-ის 15-პუნქტიან წინადადებას, ვაშინგტონმა კი მოლაპარაკების საფუძვლად მიიღო ირანის 10-პუნქტიანი წინადადება.
მანამდე ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ თავის მაყურებელს აცნობა ტრამპის განცხადების შესახებ, რომელიც „ანტიირანული რიტორიკიდან დამამცირებელ უკან დახევად" შეაფასა.
ისრაელის რეაქცია
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა 8 აპრილს განაცხადა, რომ მხარს უჭერენ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას ირანზე დარტყმები ორი კვირით შეჩერდეს იმ პირობით, რომ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის ჰორმუზის სრუტეს და შეწყვეტს თავდასხმებს აშშ-ზე, ისრაელსა და რეგიონის ქვეყნებზე.
პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ოფისის თანახმად, ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას, რათა ირანი ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს ამერიკის, ისრაელის, ირანის მეზობელი არაბული ქვეყნებისა და მთელი მსოფლიოსთვის და შეერთებულმა შტატებმა ისრაელს განუცხადა, რომ ეს მიზანი აქვს მომავალ მოლაპარაკებებსაც.
ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა არ ვრცელდება ლიბანზე.
ისრაელის თავდაცვის არმია ლიბანის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას ატარებს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ, რომელიც ისრაელის ტერიტორიას უტევს.
შუამავალი პაკისტანი
პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფის თანახმად, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა ლიბანსაც მოიცავს.
მას შემდეგ, რაც აშშ და ირანი ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდნენ, შარიფმა ორივე ქვეყნის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა ბრძნული გადაწყვეტილებისთვის და განაცხადა, რომ მათ დელეგაციებს 10 აპრილს ისლამაბადში იწვევს მოლაპარაკების გასაგრძელებლად ყველა სადავო საკითხის გადასაწყვეტად შეთანხმების მიღწევის მიზნით.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ისლამაბადის მოლაპარაკებები მდგრადი მშვიდობის მისაღწევად წარმატებით დასრულდება.
ნავთობის ბაზრის რეაქცია
საბრძოლო მოქმედებების ორი კვირით შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ აშშ-ისა და ირანის განცხადებების შემდეგ, 8 აპრილს Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასი 95 აშშ დოლარამდე შემცირდა. წინა დღეს ერთი ბარელი დაახლოებით 110 აშშ დოლარი ღირდა.
შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე, 28 თებერვლამდე ბარელი ნავთობის ფასი დაახლოებით 70 აშშ დოლარი იყო.
ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ 2026 წლის 28 თებერვალს დაწყებულ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. აშშ ამ პროგრამას გლობალურ საფრთხედ მიიჩნევს და მის დახურვას მოითხოვს, თეირანის თანახმად კი, პროგრამას მხოლოდ სამოქალაქო მიზნები აქვს.
აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.
მარტის ბოლოს დასავლეთის და ისრაელის მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს პაკისტანის შუამავლობით გადასცა 15 პირობა, მათ შორის ბირთვულ იარაღზე უარის თქმა, სარაკეტო პროგრამის შეზღუდვა და ჰორმუზის სრუტის გახსნა, რომელთა შესრულების შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, მაგრამ ირანმა ეს უარყო და თავისი პირობები წამოაყენა. მათ შორის აგრესიის სრულად შეწყვეტა, ომის განუახლებლობის გარანტიები და ზარალის კომპენსაცია.
6 აპრილს ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა ირანის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით დაწერა, რომ თეირანმა პაკისტანის შუამავლობით შეერთებულ შტატებს გადასცა ომის დასრულების 10-პუნქტიანი გეგმა. თეირანის ძირითად მოთხოვნებს შორისაა მომავალში თავდასხმის აღკვეთის გარანტიები, საერთაშორისო სანქციების სრულად მოხსნა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა ლიბანში მოქმედი ჰეზბოლას წინააღმდეგ.
No article in the selected categories
