მაია სანდუ უკრაინაში ჩავიდა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 150
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინაში ჩავიდა. კიევში ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, შემდეგ კი ჩერნობილს ეწვევა, სადაც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის მე-40 წლისთავზე კატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს მიაგებს.
სანდუმ ვიზიტის შესახებ სოციალური მედიის საშუალებით განაცხადა.
„დღეს, დილით, ჩერნობილის კატასტროფის მე-40 წლისთავზე კიევში მივემგზავრები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანმოსალაპარაკებლად, შემდეგ კი – ჩერნობილში, რათა პატივი მივაგო მათ ხსოვნას, ვინც ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი შესწირა ევროპის კიდევ უფრო დიდი ტრაგედიისგან დაცვას“, – განაცხადა მაია სანდუმ.
მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, „ჩერნობილის ავარიამ აჩვენა, რომ კატასტროფებს საზღვრები არ აქვს და ასევე აჩვენა საერთაშორისო სოლიდარობის ძალა“.
„დაბინძურებული რეაქტორის თავზე არსებული თაღი აჩვენებს, რომ ქვეყნებს შეუძლიათ დიდი წარმატების მიღწევა, როდესაც ისინი ერთად მუშაობენ. დღეს ჩვენ გვჭირდება იგივე ერთიანობა და მონდომება ევროპაში მშვიდობის დასაცავად. მოლდოვის ადგილი მათთანაა, ვინც მშენებლობას ირჩევს და არა ნგრევას“, – წერს მოლდოვის პრეზიდენტი.
ავარია ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც კიევიდან 120 კილომეტრში მდებარეობდა, 1986 წლის 26 აპრილს მოხდა და ბირთვული ენერგიის ისტორიაში ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო. მე-4 ბლოკში აფეთქებისა და ხანძრის შემდეგ ატმოსფეროში დიდი რაოდენობით რადიაქტიური მასალა გამოიყო. რადიაციამ ევროპის მრავალი ქვეყანა დააზარალა, ყველაზე მეტად კი – უკრაინა და ბელარუსი. ელექტროსადგურის მიმდებარე დასახლებებიდან მოსახლეობა ევაკუირებული იქნა. ექსკავატორებით ბევრი სოფელი მიწასთან გაასწორეს. რადიაციის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად დანგრეული რეაქტორი „სარკოფაგით“ დაილუქა, ხოლო ატომური ელექტროსადგურის გარშემო 30-კილომეტრიანი „გაუცხოების ზონა“ შეიქმნა
No article in the selected categories
