სამწუხარო პრაქტიკაა, როდესაც საერთაშორისო მედიაში ხდება კონკრეტული შინაარსის ყიდვა, ამ პრაქტიკას მიმართავენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, ამ პრაქტიკას მიმართავენ ხშირად კრიმინალები, ამ პრაქტიკას მიმართა ბატონმა ბაჩიაშვილმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამწუხარო პრაქტიკაა, რომელიც გარდა იმისა, რომ ოპონენტების სახეს წარმოაჩენს, ასევე წარმოაჩენს იმ რთულ მდგომარეობას, მძიმე ვითარებას, რომელიც არის საერთაშორისო მედიაში შექმნილი.
„რეალურად, ნებისმიერი მედია პასუხს უნდა აგებდეს ობიექტურობაზე, თუმცა ამის მაგივრად ჩვენ ვხედავთ შეკვეთილ სტატიებს, რაც ქმნის სამწუხარო რეალობას საერთაშორისო მედიაში. ასეთი შეკვეთილი სტატიები ყოველთვის ეფუძნება ხოლმე ყალბ ინფორმაციას, ყალბ სინამდვილეს, რასაც რეალურ სინამდვილესთან არავითარი კავშირი არა აქვს. სწორედ ამაშია სტატიის შეკვეთის არსი. შენ შეგიძლია, ნებისმიერი სიცრუე გაავრცელო, თუ ამისთვის გადაიხდი ფულს და თან მითუმეტეს, თუ შენი ინტერესები ემთხვევა „დიფ სთეითის“ ინტერესებს. ჩვენ ვიცით, რამდენად დიდია, „დიფ სთეითის“ გავლენა საერთაშორისო მედიაზე, მათ შორის ევროპულ და ამერიკულ მედიაზე, ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, რეალურად ხდება ყალბი ინფორმაციის გასაღება რეალურ ინფორმაციად, სწორედ ასეთი შეკვეთილი სტატიების საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, დანარჩენი უნდა გამოიძიოს უსაფრთხოების სამსახურმა.
„როდესაც ასეთ უხეშ დამოკიდებულებას ავლენს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ უკრაინის ხელისუფლება, ეს ძალიან შემაშფოთებელია. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. დანარჩენი დეტალები უნდა გამოიძიოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. როდესაც საქმის კონკრეტული ფიგურანტი, დაკავებული პირი პირდაპირ აცხადებს, რომ მათ დავალება ჰქონდათ მიღებული უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან, როდესაც საქმის მასალებიდან, მა ეტაპზე, ვლინდება, რომ საბოლოო დანიშნულების ადგილი ამ ნივთიერების უნდა ყოფილიყო თბილისის ერთ-ერთი უბანი და ა.შ. ეს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს კითხვებს ამ საქმესთან და იმ განზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც ამ საქმის უკან დგას. დანარჩენი უნდა გამოიძიოს უსაფრთხოების სამსახურმა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ე.წ. ანტირუს ლიბერალებს, რომლებიც გამოდიან და ხან შტაბთან აწყობენ აქციებს 30 კაცით, ხან სხვაგან მიდიან, რუსთაველის გამზირს კეტავენ, ნული რეაქცია აქვთ ამასთან დაკავშირებით.
„ხედავთ, რამდენად უხეშად მუშაობს ორმაგი სტანდარტები ჩვენს ქვეყანაში, არიან ადამიანები, რომლებსაც თავი მოაქვთ მთავარ ანტირუსებად ჩვენს ქვეყანაში და ამ დროს პირდაპირ რუსეთიდან, ბიუჯეტიდან, ხაზინიდან ერიცხებათ თანხები. ეს ადამიანი, ხოშტარია იყო ყველაზე რადიკალური რიტორიკის, რადიკალური ნაბიჯების მომხრე რუსეთის წინააღმდეგ, ამ დროს თავად პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს თანხებს. აქ ყველაზე საინტერესო დეტალი რა არის, რომ ამ ე.წ. ანტირუს ლიბერალებს, რომლებიც გამოდიან და ხან შტაბთან აწყობენ აქციებს 30 კაცით, ხან სხვაგან მიდიან, რუსთაველის გამზირს კეტავენ და ა.შ. ნული რეაქცია აქვთ ამასთან დაკავშირებით. ყველა ეს ადამიანი არის ყალბი და ერთადერთი რაც მათ ამოძრავებთ, ეს არის დაკვეთა, რომელსაც იღებენ ქვეყნის გარედან, ეს არის ფული, რომელსაც იღებენ ქვეყნის გარედან. ჩვენ ვერც ერთი ქვეყნის სპეცსამსახურს ვერ მივცეთ ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანის საშუალებას, მნიშვნელობა არ აქვს ეს სპეცსამსახურები მოქმედებენ ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ელჩები ასე არ უნდა იქცეოდნენ და აღნიშნული ქმედება არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა.
„ეს არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა, პირდაპირი ჩარევა დემოკრატიულ არჩევნებში და არ ეკადება არც ერთ ელჩს ასეთი საქციელი,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროცესი უნდა შეჩერდეს.
"რატომ აკეთებენ ამას ევროპელი ელჩები და ევროპული ბიუროკრატია, არ ვიცი. ისინი პირდაპირ ახდენენ იმის ლუსტრაციას, რაზეც ძალიან ბევრი საუბრობდა მანამდე წლების განმავლობაში. რეალურად, დღეს, ქართველი ხალხის თვალში ევროპული ბიუროკრატია ასოცირდება რადიკალიზმთან, ძალადობასთან, დემოკრატიის უგულებელყოფასთან, ყველა ამ არასწორ განვითარებასთან, რასაც ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხარეს. ეს პირდაპირ უარყოფითად აისახება, არა მარტო ევროპული ბიუროკრატიის, არამედ ევროკავშირის იმიჯსა და რეპუტაციაზე ჩვენი საზოგადოების თვალში. ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. ამისათვის, მნიშვნელოვანია, რომ ელჩები იქცეოდნენ, პირველ რიგში, კეთილსინდისიერად, ვენის კონვენციის შესაბამისად, არ აღვივებდნენ უხეშად, საზოგადოების თვალში, რადიკალიზმს, სიძულვილს ჩვენს ქვეყანაში. არ შეიძლება, ევროპელი ელჩები თავს წარმოაჩენდნენ ქართული საზოგადოების წინაშე, როგორც სიძულვილის ელჩები. დღეს ასეა. ელჩების დიდი ნაწილი, ქართული საზოგადოების წინაშე საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც სიძულვილის ელჩი. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა. ეს უარყოფითად აისახება ევროკავშირის იმიჯზე საქართველოში. ეს პროცესი უნდა შეჩერდეს“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, რაც შეეხება ელენე ხოშტარიას მიერ გირაოს გადახდას, ეს თავად ხოშტარიას გადასაწყვეტია.
„როდესაც ზიანი აღემატება 150 ლარს, აქ მარტივად მოქმედებს სისხლის სამართლის კანონმდებლობა, პროკურატურას ევალება საქმის აღძვრა, შემდეგ ლოგიკური გაგრძელება არის დაკავება. რაც შეეხება აღკვეთის ზომას, ამაზე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს არის თავიდან ბოლომდე სამართალდამცავი ორგანოების საქმე. გარკვეულ ეტაპზე, კრიმინალთან მიდგომები იყო შედარებით ლოიალური, რაც მე მგონია, რომ არ არის სწორი. თქვენ ხედავთ, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ნარკოდანაშაულთან მიმართებით მეტი სიმკაცრის გამოვლენა იმისათვის, რომ მეტად არ გავრცელდეს ნარკოტიკები ჩვენს ქვეყანაში, შესაძლებელი ყოფილა ორგანიზებულ დანაშაულთან მიმართებით უფრო მკაცრი დამოკიდებულების გამოვლენა, სხვადასხვა ტიპის დანაშაულს ეხება ეს ყველაფერი და იგივე ეხება პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს. ნარკოტიკები, ორგანიზებულ დანაშაული, კორუფცია, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული - ვიდრე არ მოქმედებდა მთელი სიმკაცრით კანონები ყველა ამ მიმართულებით, მანამდე იყო კიდეც პრობლემები. ამიერიდან, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ იმოქმედებს კანონი მთელი სიმკაცრით, ეს ეხება როგორც კორუფციას, ისე ორგანიზებულ დანაშაულს, ასევე ნარკოტიკულ დანაშაულს და პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს. ეს არის პირობა, რომელსაც ვაძლევთ საზოგადოებას ხელისუფლების სახელით,“- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, არსებობს ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი ლეგიტიმური გზა - ეს არის არჩევნები და ყველაფერი დანარჩენი არის არალეგიტიმური, რაზეც პირდაპირ არის საუბარი სისხლის სამართლის კოდექსში.
„რაც შეეხება ზოგადად ტერმინებს, არსებობს ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი ლეგიტიმური გზა, ეს არის არჩევნები. ყველაფერი დანარჩენი არის არალეგიტიმური და ამ არალეგიტიმურ ზომებზე პირდაპირ არის საუბარი სისხლის სამართლის კოდექსში. ძალიან შეაჩვიეს ენა ქართულ საზოგადოებას, პირდაპირ არის საუბარი რადიკალიზმზე, ცეცხლის წაკიდებაზე, მოლოტოვზე, დამხობაზე და ა.შ. ასეთ ტერმინებს ხშირად ისმენთ და ასეთ პრაქტიკას ვერ გავაგრძელებთ. აქაც, ისევე როგორც კორუფციული, ორგანიზებული და ნარკოტიკული დანაშაულების მიმართ, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მიმართაც გვექნება განსხვავებული, მკაცრი მიდგომები და ამას ყველა უნდა შეეგუოს და ყველამ უნდა გაუსწოროს თვალი. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, რომ უფრო ფრთხილად მოეკიდონ საკუთარ რიტორიკას, არ შეიძლება, ქართულ საზოგადოებას წლების მანძილზე ესმოდეს საუბარი დამხობასთან, ცეცხლთან და უბედურებასთან დაკავშირებით, თან ვისგან - ნაცებისგან როდესაც ისმენ 13 წელი ამაზე საუბარს, რა თქმა უნდა, ეს არ არის მისაღები სახელმწიფოსთვის, ამიტომ სახელმწიფო და კანონმდებლობა იქნება სათანადოდ მკაცრი რადიკალიზმის ნებისმიერი ასეთი გამოვლინების მიმართ,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით ძალიან კონკრეტული, ხელშესახები ნაბიჯებია გადადგმული.
„მანამდეც, ვიდრე ჩვენ აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამდით, საქართველო იყო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ევროპაში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ჩვენ ევროკავშირის წევრ 7-8 ქვეყანას მუდმივად ვუსწრებდით ამ კუთხით. რა ნაბიჯებიც გადაიდგა წელიწადნახევრის განმავლობაში, თვისებრივად აუმჯობესებს მდგომარეობას. მე მარტივი დაპირება შემიძლია მივცე ნებისმიერ ადამიანს, შეუძლიათ მოიტანონ, დღეიდან ან გუშინდელი დღიდან ავიღოთ ნებისმიერი თემა, რასთან დაკავშირებითაც აქვთ ეჭვები კორუფციის მიმართულებით, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მე პირობას გაძლევთ, რაც კეთდება მთავრობის ჩართულობით, ყველაფერი კეთდება კეთილსინდისიერად. დანარჩენი, დასვან კითხვები, ყველა თემასთან დაკავშირებით მიიღებენ პასუხს. ჩვენი მიზანია, რომ ბოლომდე გაიწმინდოს მთლიანად სისტემა კორუფციისგან. ამ მიმართულებით ძალიან კონკრეტული, ხელშესახები ნაბიჯებია გადადგმული, - განაცხადა პრემიერმა.