საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი ADP ჯგუფის წევრი “ტავ ჯორჯიას” გენერალურმა მენეჯერმა მთავრობის მეთაურს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. თეა ზაქარაძის თქმით, მიმდინარე წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია, გაორმაგდა საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა,
ასევე კომპანიამ შეიძინა ახალი ტექნიკა.
მგზავრთნაკადის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წელს იგეგმება მგზავრთა დახვედრის ზონისა და მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონის გაფართოება.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში კომპანიამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 25 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს საფუძველი ეყრება ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ნამდვილად იქცევა ბათუმის ახალ სავიზიტო ბარათად.
„ძალიან შთამბეჭდავია, ეფექტურია პროექტი, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, რომელიც ითვალისწინებს ორი ცათამბრჯენის მშენებლობას, რაშიც 300 მილიონი დოლარის, ძალიან დიდი მასშტაბის ინვესტიცია ჩაიდება. ეს პროექტი ადასტურებს კერძო სექტორის ნდობას სახელმწიფო მიმართ, ეკონომიკის განვითარების, ბათუმის განვითარების მიმართ და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინიციატივა. ასევე მნიშვნელოვანია ამ პროექტის სოციალური განზომილება, როგორც ჩვენ გვითხრეს, 1 500 ადამიანი იქნება დასაქმებული ამ პროექტში უშუალოდ მშენებლობის ეტაპზე და როდესაც უკვე დაიწყებს ეს პროექტი ფუნქციონირებას, ამის შემდეგ 2 000 ადამიანი იქნება დასაქმებული ამ მულტიფუნქციურ ინფრასტრუქტურაში. ეს არის ნამდვილად თანამედროვე სტანდარტების პროექტი, რაც ძალიან მისასალმებელია. ეს იქნება ერთგვარი სავიზიტო ბარათი, რომელიც გაამდიდრებს ბათუმის იერსახეს და ხელს შეუწყობს ბათუმის განვითარებას.
ტურიზმისა და მშენებლობის სექტორი არის ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალა და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მომავალშიც ექნება მაქსიმალური ხელშეწყობა და მხარდაჭერა ამ ორი სექტორის განვითარებას. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი ასეთ შთამბეჭდავ კერძო ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ სექტორების განვითარებას და ზოგადად ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. მადლობას გადავუხდი კომპანიას „ორბი კონტინენტალს“, რომელიც გამოირჩევა შთამბეჭდავი პროექტებით და ამ კომპანიას უკვე ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი კომპანიის განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც მათი წვლილი იქნება ძალიან დიდი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შთამბეჭდავი პროექტისთვის საფუძვლის ჩაყრას და გისურვებთ ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას და დასრულებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.