მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას, ეს სასახლე ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას - სწორედ აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და ჩაეყარა საფუძველი ქართულ პარლამენტარიზმს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოსწავლე-ახალგაზრდობის განახლებული სასახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს შენობა არ არის მხოლოდ არქიტექტურული ძეგლი და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა, ეს სასახლე არის საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილი.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა და ძალიან დიდი სიხარულია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო ამ ღონისძიებაში. წლევანდელი თბილისობის ერთგვარი სიმბოლური კულმინაციაა დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის გახსნა და ის ფაქტი, რომ ჩვენ ამ არაჩვეულებრივ სასახლეს ვუბრუნებთ განახლებული სახით, ახალი ბრწყინვალებით ჩვენს ახალგაზრდებს.
ეს შენობა არ არის მხოლოდ არქიტექტურული ძეგლი და მხოლოდ ამ თვალსაზრისით არ არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ეს არის ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი. ეს არის სასახლე, რომელიც ინახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას. ამ სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას, როგორც შემოქმედები, ასევე მეცნიერების, სპორტის წარმომადგენლები და ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, განსაკუთრებული ზრუნვა გამოგვეჩინა ამ სასახლის მიმართ. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას ინახავს ეს სასახლე. სწორედ ამ სასახლეში დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ. სწორედ აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და აქ ჩაეყარა საფუძველი ქართულ პარლამენტარიზმს. ესეც არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც გვეკისრება ჩვენ ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმართ.
ეს არის განსაკუთრებული ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა და ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი არის ინვესტიცია, რომელიც იდება მომავალი თაობების და ახალგაზრდების სასარგებლოდ. მრავალი თაობა აღუზარდა ამ სასახლემ ჩვენს ქვეყანას. ძალიან ემოციური იყო გოგონათა მიერ შესრულებული სიმღერა დღევანდელ დღეს და ესეც შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად ძვირფასია ის საქმე, რომელიც კეთდება ამ ეროვნულ სასახლეში“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და რა თქმა უნდა, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც არის ამ მნიშვნელოვანი პროგრამის გაგრძელება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნული სასახლე კიდევ მრავალ თაობას აღუზრდის ჩვენს ქვეყანას, კიდევ მრავალი თაობა დაეუფლება აქ ხელოვნების, მეცნიერების საფუძვლებს, ეზიარება სპორტს და კიდევ ბევრი ღირსეული ადამიანი შეემატება ჩვენს კულტურის, მეცნიერების, სპორტის სფეროს სწორედ ამ ეროვნული სასახლის დამსახურებით. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. მადლობა დედაქალაქის მერიას, პირადად დედაქალაქის მერს კახა კალაძეს. მისი ხელმძღვანელობით, ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ განსაკუთრებული გემოვნებითა და გამორჩეული ხარისხით კეთდება ხოლმე ყველა ასეთი პროექტი, აქედან გამომდინარე, პირადად მას მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო კომპანიას, თითოეული არქიტექტორს, რესტავრატოს, მშენებელს, ვინც უდიდესი პროფესიონალიზმით გააკეთა ეს უდიდესი საქმე. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და მინდა, ეროვნულ სასახლეს ვუსურვო დიდი წარმატებები მომავალში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.