ერთ-ერთი მიზანი, რატომაც დაანონსდა „ნაცმოძრაობის“ და მისი მეორე განშტოების მიერ 4 ოქტომბრის აქცია, არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხმა მიიღოს „ლელომ“ და გახარიამ, სუბიექტური ინტერესები არის, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველას ჰყავს ერთი პარტონი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია არის ერთი ძალა, რომელსაც ეწოდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.
„სინამდვილეში არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის. არის მხოლოდ ტაქტიკური სხვაობები. რაც შეეხება არჩევნებთან დამოკიდებულებას, არის ორი პარტია, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში. არის ორი პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას ღალატად აცხადებს, მათ თავიანთი სუბიექტური ინტერესებიც აქვთ ბუნებრივია. ერთ-ერთი მიზანი, რატომაც დაანონსდა „ნაცმოძრაობის“ და მისი მეორე განშტოების მიერ 4 ოქტომბრის აქცია, არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხმა მიიღოს „ლელომ“ და გახარიამ, სუბიექტური ინტერესები არის, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველას ჰყავს ერთი პარტონი. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ როგორც არ უნდა ჰქონდეთ მათ განსხვავებები ტაქტიკური თუ სუბიექტური, საბოლოო ჯამში, მათი პატრონი მაინც ერთად თხრის ხოლმე ამ პარტიებს. ასე მოხდება 4 ოქტომბერსაც, თუმცა არანაირი ფორმით მათ არ აქვთ წარმატების შანსი. საქართველოში არის დემოკრატია, ყველას შეუძლია შეიკრიბოს, თუმცა ყველას შეუძლია შეიკრიბოს კანონის ფარგლებში. ვინმეს თუ თავში აზრად მოუვა კანონის დარღვევა, ყველა მიიღებს საკადრის პასუხს კანონისგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარია და კორუფცია არის ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდგარი ცნებები.
„აქ პირველ რიგში ვგულისხმობ პოლიტიკურ კორუფციას. ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე ემსახურება არა ქართველი ხალხის ინტერესებს, არამედ ასრულებს გარე დაკვეთებს, ეს არის სხვა არაფერი თუ არა პოლიტიკური კორუფცია და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა. ასეთ ფონზე, არც სხვა ტიპის კორუფცია გამიკვირდებოდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. მე არ მაქვს უფლებამოსილება, რომ ასეთ საკითხებზე გავაკეთო კონკრეტული კომენტარი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას.
„4 ოქტომბერი მთლიანად არჩევნების და აქციის ჩათვლით ჩაივლის ძალიან მშვიდად. მთავარია, არავინ იფიქროს კანონის დარღვევაზე. თუ ვინმეს მაინც წაუცდება ხელი, ნახავენ მათ შორის, ახალი სისტემის, ახალი ხელმძღვანელობის ნამდვილ ძალას. არავის არ ვურჩევ ამას. თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას. ჩემი მოკრძალებული რჩევაა, რომ ხელი არ წაუცდეთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება აცხადებს მარტივ რამეს - ვერავის ვერ უნდა გაუჩნდეს კორუფციული დანაშაულის ცდუნება.
„ოპოზიცია ტრაგიკულად უყურებს ჩვენს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ. მუდმივად აკეთებენ განცხადებებს, თითქოს, ეს არის მოჩვენებითი ბრძოლა. ამ დროს ფაქტი არის ის, რომ მთავრობის ყველა აქტი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას - ამ წელიწადნახევრის განმავლობაში რა აქტებიც გამოიცა, ჩახედონ თითოეულ მათგანს და თუ სადმე რაიმე კითხვის ნიშანი ექნებათ, მზად ვართ, ნებისმიერ შეკითხვას ვუპასუხოთ. არავითარი კითხვებიც კი არ არსებობს, იმიტომ, რომ მთავრობა მუშაობს გამჭვირვალედ და სუფთად. პირდაპირი წესით პრივატიზაციის პრაქტიკა მთლიანად აღიკვეთა, აბსოლუტურად გამჭვირვალეა ნებისმიერი შესყიდვები. აქედან გამომდინარე, წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მზად ვართ არა მხოლოდ გამჭვირვალედ, არამედ ბოლომდე სუფთად ვიმუშაოთ.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს - როგორც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ასევე ნარკოტიკული დანაშაულის, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ და ზუსტად ასევე კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ხელისუფლება არის აბსოლუტურად პრინციპული. ეს ყველაფერი არის ფაქტები. ჩვენ ვაცხადებთ მარტივ რამეს - ვერავის ვერ უნდა გაუჩნდეს კორუფციული დანაშაულის ცდუნება. თუ ვინმე იქნება მსჯავრდებული კორუფციული დანაშაულისთვის, მას მოუწევს ათწლეულების განმავლობაში დეკლარაციის წარდგენა და შესაბამისად, ვერ ისარგებლებს მოპარული თანხებით. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ პრინციპულად ვებრძვით კორუფციის ნებისმიერ გამოვლინებას. ჩვენ განვაცხადეთ ჩვენი მიზნის თაობაზე , რომ მოვხვდეთ ევროპის სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით და სწორედ ამას ემსახურება თითოეული ეს ნაბიჯი “, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, პროტესტს აფინანსებენ უცხოური სპეცსამსახურები და ყველას კარგად ახსოვს, თუ რა ბედი ეწია უკრაინას უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული „მაიდნის“ შემდეგ, რასაც საქართველოში ხელისუფლება არ დაუშვებს.
„ეს ყველაფერი არის დაფინანსებული უცხოური სპეცსამსახურების მიერ, როგორც ეს მოხდა „მაიდნის“ შემთხვევაში. გახსოვთ, სპეცსამსახურები აფინანსებდნენ „მაიდანს“ და შემდეგ ისიც გახსოვთ, თუ როგორ გაგრძელდა ეს ყველაფერი უკრაინისთვის - დღეს, უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული და ორი ომი გადაიტანა, სწორედ, უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული რევოლუციების შემდეგ უკრაინამ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ სცენარის განხორციელებას, ამის არავითარი რესურსი არ არსებობს საქართველოში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვამხილოთ ყველა ასეთი დაფინანსებისა და გარე ჩარევის ფაქტი,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ფონზე პრეზიდენტ მაკრონის განცხადება არის ძალიან საინტერესო.
„ეს არის საინტერესო განცხადება, ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ ელჩები, მათ შორის, ევროპელი ელჩები სისტემატურად არღვევდნენ ვენის კონვენციას, საერთაშორისო სამართლის წესებს და უხეშად იჭრებოდნენ ქართულ პოლიტიკაში და ეს ჩარევები ყველასათვის იყო ცხადი. ამ ფონზე, როდესაც ჩვენ თავის დროზე ვაკეთებდით განცხადებებს ამ თემაზე, იყო ნულოვანი რეაგირება. ამ ფონზე პრეზიდენტ მაკრონის განცხადება არის ძალიან საინტერესო, მათ შორის, გავიხსენებ, რომ საფრანგეთის არაერთი ელჩიც წარსულში აკეთებდა უხეშ განცხადებებს, რითაც ირღვეოდა ვენის კონვენცია. იმედი მაქვს, რომ ეს სტანდარტები შეიცვლება და ორმაგი სტანდარტებიდან ჩვენ დავუბრუნდებით ჯანსაღ სტანდარტებს. თუ ასეთი ტენდენციები გაჩნდებოდა, იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, მათ შორის, ევროპელი ელჩები ძალიან ხშირად უხეშად არღვევენ ვენის კონვენციას და ეს უნდა დასრულდეს. ეს არის პირველ რიგში, იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ევროკავშირის და ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაცია ქართველი ხალხის თვალში“, - განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება აქციას, მთავრობის მეთაურის თქმით, პროცესები ძალიან მშვიდად წარიმართება.
„რეალური მდგომარეობა არის ის, რომ ოპოზიციას არც ერთ მუნიციპალიტეტში არ შეუძლია არც მერის და არც საკრებულოს არჩევნების მოგება. წინა შემთხვევაში იყო განსხვავებული ვითარება, მათ ერთ მუნიციპალიტეტში მოახერხეს არჩევნების მოგება და რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს არჩევნების მოგება. ამ შემთხვევაში ისინი 64-დან ვერც ერთ მუნიციპალიტეტში ვერ ახერხებენ ვერც მერის და ვერც საკრებულოს არჩევნების მოგებას. რაც შეეხება აქციას, ძალიან მშვიდად წარიმართება პროცესები. საქართველოში არის დემოკრატია, ყველას შეუძლია შეიკრიბოს, თუმცა, ამის მიღმა თუ ვინმე ჩაიფიქრებს კანონის დარღვევას, მიიღებს საკადრის პასუხს. “, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით ხელისუფლება მოქმედებს პრევენციულად.
„შარშან, თებერვალში დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და შარშანდელი წელი იყო საკმაოდ რთული, მათ შორის, საარჩევნო წელი იყო, გვქონდა უამრავი გამოწვევა, გარედან ხელოვნურად შექმნილი პრობლემები, გვქონდა საკადრო მიმართულებითაც გარკვეული ხარვეზები და ეს ყველაფერი დავალაგეთ. შარშანდელი წელი გავიარეთ წარმატებით, რთულად, მაგრამ წარმატებით და ამან მოგვცა იმის საშუალება, რომ წელს ძალიან ბევრი რამ გადაგველაგებინა. მათ შორის, საკადრო კუთხით მე შეგახსენებთ, რომ არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების მიმართულებით და ამ საკადრო ცვლილებებმაც მოგვცა საშუალება, რომ გამოგვევლინა არაერთი კორუფციული შემთხვევა. ასევე, ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პრევენციულად ვიმოქმედოთ. ჩვენი მიზანი მარტო ის არ არის, რომ წარსულში ჩადენილი კორუფციული დანაშაულები გამოვავლინოთ, ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ახლა არ დავუშვათ, აწმყოსა და მომავალში არ დავუშვათ მსგავსი ფაქტები. ამისათვის მობილიზებულია ყველა სტრუქტურა, მათ შორის, სამართალდამცავი სტრუქტურები - შსს, ფინანსური პოლიცია, პროკურატურა და ა.შ. ასევე, მთავრობის ადმინისტრაციაში გავაძლიერეთ ეფექტიანობის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი, ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ არამხოლოდ წარსულ შესაძლო დანაშაულებს ჩავეძიოთ, არამედ, პირველ რიგში, სამომავლოდ აღმოვფხვრათ ნებისმიერი კორუფციული ქმედება. წარსულში რაც იყო, ის უნდა გამოვლინდეს, მომავალში არ უნდა დავუშვათ კორუფციული შემთხვევები, მაქსიმალურად ვიზრუნებთ ამისათვის,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიზნესის მიმართ სრული მხარდაჭერა იქნება.
„ნებისმიერი ბიზნესმენის მიმართ, რომელიც კანონის საფუძველზე შემოიტანს წინადადებებს, ყველას მიმართ იქნება სრული მხარდაჭერა. არის უამრავი ბიზნესმენი, მათ შორის, რომელიც პირდაპირ გამოხატავს მხარდაჭერას ოპოზიციის მიმართ. მათ მიმართაც არის დამოკიდებულება აბსოლუტურად თანასწორი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. ჩვენ პოლიტიკური ან სხვა რაიმე ნიშნით არ ვარჩევთ ერთმანეთისგან ბიზნესმენებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს, რატომ დატოვა ბიზნესმენმა ნოშიკო ნამორაძემ საქართველო, რაზეც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ბიზნესმენი შეიძლება, ბრიტანეთში წავიდეს, შეიძლება, დაბრუნდეს, ეს ჩვეულებრივი საქმეა.
„რაც შეეხება უშუალოდ ნოშიკო ნამორაძეს, მე მასთან მაქვს პირადი ურთიერთობა, მათ შორის კომუნიკაციაც მქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ. კაცი ბიზნესმენია, შეიძლება ბრიტანეთში წავიდეს, შეიძლება დაბრუნდეს, ეს ჩვეულებრივი საქმეა. ეს მე არ ვიცი, ეს არ არის ჩემი უფლებამოსილება, რომ ვაკონტროლო ვინ სად წავა. ეს არის ბიზნესმენის საქმე. ნებისმიერი ბიზნესის მიმართ სახელმწიფო გამოხატავს მხარდაჭერას, მათ შორის ნოშიკო ნამორაძის მიმართაც სახელმწიფო იქნება სრულად მხარდამჭერი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.