ვფიქრობთ, თვითმმართველობის არჩევნები ჩაივლის მშვიდად და 4 ოქტომბრის დღე, მიუხედავად გარკვეული არასერიოზული ანონსებისა, ჩაივლის მშვიდად და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი და სტაბილური განვითარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო.
„დღეს გვაქვს მშვიდი ვითარება. ჩვენ წინ გველოდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ვფიქრობთ, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდად და ასევე 4 ოქტომბრის დღე, მიუხედავად გარკვეული არასერიოზული ანონსებისა, ჩაივლის მშვიდად და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი და სტაბილური განვითარება. რა თქმა უნდა, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ბიზნესისთვის ბუნებრივია, საკვანძო მნიშვნელობა აქვს სიმშვიდეს და სტაბილურობას პოლიტიკური თვალსაზრისით. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო თქვენი ბიზნესსაქმიანობის განხორციელებისთვის.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთან კონსულტაციები, თქვენთან მუშაობა, თქვენთან თანამშრომლობა. დღევანდელი დღეც გვაძლევს ამის ძალიან კარგ შესაძლებლობას და მომავლისთვისაც ვართ სრულიად ღია თანამშრომლობისთვის, კონსულტაციებისთვის, თქვენი რჩევების მიღებისთვის. კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ პატივისცემას და თანამშრომლობის მზაობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის, ოპოზიციას არაფერი რესურსი არ აქვს.
„ყველაფერი მშვიდად ჩაივლის არაფერი რესურსი არ აქვთ. ხედავთ, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად მარგინალური, არის მთლიანად მოშლილი და ეს არის ცარიელი სიტყვების ფრქვევა რევოლუციურ პროცესებთან დაკავშირებით, რასაც აკეთებენ 13 წლის განმავლობაში. როგორც 13 წლის განმავლობაში ჩაუვარდათ ყველა ასეთი მცდელობა, ასე ჩაუვარდებათ მე-13 წლის თავზეც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ასეთი ღირებულებების ადამიანები არიან რადიკალურ ოპოზიციაში წარმოდგენილი.
„ხმები დადის იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანს განსაკუთრებულად უყვარს ფული და ვერ ელევა ხოლმე ვერანაირ შემოსავალს და როგორც ჩანს, საკუთარი ცოლისთვის ხელფასის გადახდა მიაჩნია ქველმოქმედებად. ეს არის მისი ღირებულებები, მისი სტანდარტები და სწორედ ამ ღირებულებებით აღმოჩნდა ის რადიკალური ოპოზიციის რიგებში. ასეთი ღირებულებების ადამიანები არიან რადიკალურ ოპოზიციაში წარმოდგენილი და ამისი ერთ-ერთი მაგალითია ბატონი პაატაც“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია სამართალდამცავი გუნდის ერთიანობა და ერთხმად მუშაობა.
„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ დღეს სწორედ ასეთი გუნდია შეკრებილი. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს თავისი განზრახვა ამ მიმართულებით, მაგრამ არც ერთ ასეთ გეგმას არ უწერია განხორციელება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლას, ის არის ომში მყოფი ქვეყნის ხელმძღვანელი და მასთან პოლემიკა არ იქნებოდა სწორი.
„რაც შეეხება წინა დღეს უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლას, მე არ მინდა, აქ რაიმე კომენტარი გავაკეთო. თქვენც ძალიან კარგად იცით, რა მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში, არამარტო ომთან დაკავშირებით, ეკონომიკასთან დაკავშირებით, არამედ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ასეთ დროს, როდესაც ამ ქვეყნის ხელმძღვანელი იცლის საქართველოზე საუბრისთვის, ეს თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე, თუმცა მე არ მინდა, მასთან შევიდე პოლემიკაში, ის არის ომში მყოფი ქვეყნის ხელმძღვანელი, შესაბამისად, მასთან პოლემიკა არ მგონია მე სწორი,“- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, გერმანიის ელჩმა ითხოვა გათავისუფლება გრანტების შესახებ კანონიდან, თუმცა, მან მიიღო პასუხი, რომ კანონი თანაბრად იმოქმედებს ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის მათ შორის, გერმანიის საელჩოსთვისაც.
„ბატონი ფიშერი დაბარებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, მანამდე თავად ითხოვა შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც ითხოვა გათავისუფლება გრანტების შესახებ კანონიდან, თუმცა, მან მიიღო პასუხი, რომ კანონი თანაბრად იმოქმედებს ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის მათ შორის, გერმანიის საელჩოსთვისაც“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ზუსტად ამ გამოწვევების საპასუხოდ, ხელისუფლებამ მიიღო კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება უზრუნველყო.
„ეს არის ჩვენთვისაც გამოწვევა და როგორც მოგეხსენებათ, ზუსტად ამ გამოწვევების საპასუხოდ მივიღეთ ჩვენ კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, წარმატებით დავამტკიცეთ და ამ კანონმა უზრუნველყო უკვე პოლარიზაციის შემცირება ჩვენს ქვეყანაში. დღეს რომ იგივე ძალები ისეთივე წარმატებით ვეღარ ახერხებენ გარედან პოლარიზაციის, რადიკალიზმის დაფინანსებას, ეს არის სწორედ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების, მათ შორის, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დამსახურება. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არავის მივცეთ გარედან პოლარიზაციის გაღვივების საშუალება,“- განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, თუ ვინ არის „ქართული ოცნების“ ბიზნესელჩი საქართველოში, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანას ჰყავს ერთადერთი ბიზნესელჩი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და ეს არის ეკონომიკის მინისტრი.
„ჩვენ გვყავს ერთადერთი ბიზნესელჩი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და ეს არის ეკონომიკის მინისტრი. ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის, ქვეყნის გარეთ, სწორედ, ეკონომიკის მინისტრი ესაუბრება ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებთან დაკავშირებით, ეს პირდაპირ მისი მანდატია. ბიზნესმენს შეუძლია თავისი სახელით ესაუბროს ნებისმიერ ადამიანს, თუმცა ეს არ არის ჩვენი მმართველობის სფეროს ნაწილი. რაც შეეხება ხელისუფლებას, ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროებში წარმოადგენს ეკონომიკის მინისტრი. შეიძლება რიგითი ადამიანი საუბრობდეს ვიღაცასთან, ეს მათი საქმეა. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ წარმოგვადგენს ეკონომიკის მინისტრი ბიზნესთან ურთიერთობაში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ეკონომიკის მინისტრი საუბრობს სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებით, რაც აინტერესებს კონკრეტულად სახელმწიფოს ბიზნესთან ურთიერთობის კუთხით. რაც შეეხება ბიზნესმენების საუბრებს, ეს ბიზნესმენების საქმეა,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრეზიდენტის გამოსვლაში ძალიან მკაფიოდ იყო წარმოჩენილი ყველა თემა.
„საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ყველაფერზე, ყველა ეროვნულ გამოწვევაზე, მათ შორის ოკუპაციაზე და ძალიან მკაფიოდ იყო საუბრი ყველა თემასთან დაკავშირებით. ძალიან მკაფიოდ იყო წარმოჩენილი ყველა ეროვნული გამოწვევა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ოკუპაცია განახორციელა არა სააკაშვილის რეჟიმმა, არამედ რუსეთის ფედერაციამ.
„ომის დაწყება აღიარეს მათ ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, როდესაც მხარი დაუჭირეს ტალიავინის დასკვნას. თავად აღიარეს ის, რაც გააკეთეს, ეს იყო ომის დაწყება. რაც შეეხება ოკუპაციას, ოკუპაცია განახორციელა არა სააკაშვილის რეჟიმმა, არამედ რუსეთის ფედერაციამ. რეალურად მათი ღალატის შედეგი იყო ის გაგრძელება, რაც მოყვა ომის დაწყებას. როდესაც საუბარია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ყველაფერი არის აბსოლუტურად ნათელი. მაგრამ ეს ოკუპაცია არავითარი შეღავათი არ არის სისხლიანი რეჟიმისთვის, რომელმაც 2008 წლის ომი. ერთი სხვა ფაქტია, მეორე სხვა ფაქტია და ერთმანეთთან არ არის პირდაპირ დაკავშირებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს სურვილია, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან.
„ეს არის ძალიან ღია გზავნილი, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, იმედი გვაქვს, რომ ეს შემხვედრი ნაბიჯებიც გადაიდგმება,“- აღნიშნა პრემიერმა.