დღეს საქართველოსა და უცხოეთში საპროტესტო აქციებია დაგეგმილი

დღეს, 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია, მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში კი სოლიდარობის დემონსტრაციებია დაგეგმილი.

მთავარი სახალხო საპროტესტო აქცია 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაიწყება.

მანამდე, 15:00 საათზე თსუ-ს პირველი კორპუსთან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ახალგაზრდები შეიკრიბებიან, რომლებიც პარლამენტის შენობასთან აქციას მსვლელობით შეუერთდებიან.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბოიკოტს უცხადებენ თვითმმართველობის არჩევნებს, ითხოვენ პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და "ქართული ოცნების" მთავრობის გადადგომას.

თბილისთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში სოლიდარობის აქციებს ემიგრანტებიც გამართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ მოძრაობა "ქარები" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სოლიდარობის აქციები გაიმართება იტალიის, ავსტრალიის, ფინეთის, შვედეთის, ნიდერლანდების, ისლანდიის, გერმანიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ესპანეთის, აშშ-ის, ჩეხეთის, ავსტრიის, ბელგიის, პორტუგალიის, კვიპროსის, კანადისა და გაერთიანებული სამეფოს 50-მდე ქალაქში.

"უკვე 300 დღეზე მეტია, რაც ქართველი ხალხი აპროტესტებს საქართველოში დამყარებულ რუსულ რეჟიმს. არალეგიტიმური ხელისუფლება სისტემურად ზღუდავს დემოკრატიას, არღვევს ადამიანის უფლებებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. დაპატიმრებულია მრავალი აქტივისტი და პოლიტიკური ოპონენტი.

4 ოქტომბერს არალეგიტიმური ხელისუფლება ატარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელსაც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ბოიკოტს უცხადებს. ამ დღეს ქართველი ხალხი კვლავ გამოდის ქუჩაში გასაპროტესტებლად.

ჩვენც ემიგრანტები ვიკრიბებით 4 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში, რათა მხარდაჭერა გამოვხატოთ და ვაჩვენოთ რუსულ რეჟიმს ჩვენი ერთიანობა და ძალა", - ვკითხულობთ "ქარების" განცხადებაში.