ჩვენი კვლევების თანახმად 60%-ზე ბევრად მეტი უნდა აიღოს პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატს, აქ ვფიქრობ, რომ ჩვენი კანდიდატი ასევე 60%-ზე ბევრად მეტს მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე განუცხადა, სადაც არჩევანი გააკეთა.
პრემიერის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყველა საკრებულოში ექნება ძალიან მყარი უმრავლესობა.
„რაც შეეხება მოლოდინს საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებით, ჩვენი კვლევების თანახმად 60%-ზე ბევრად მეტი უნდა აიღოს პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატს, აქ ვფიქრობ, რომ ჩვენი კანდიდატი ასევე 60%-ზე ბევრად მეტს მიიღებს და როგორც თბილისში, ისე ქვეყნის მასშტაბით, ყველა საკრებულოში გვექნება ძალიან მყარი უმრავლესობა და 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერობის არჩევნებს. გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინი და რაც იყო დაპირება, 64 64-ზე - 64 მერი და 64 საკრებულო, ეს დაპირება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ აუცილებლად შესრულდება“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან ხმა მისცა იმ ერთადერთ პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა ქვეყანას მშვიდობა, მოუტანა წინსვლა და განვითარება.
„ყველასთვის ცხადია, რასაც და ვისაც მივეცი ხმა. ხმა მივეცი მშვიდობას, მეტ სიკეთეს, მეტ განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის და იმ ერთადერთ პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა, მოუტანა წინსვლა და განვითარება მთელი ამ წლების განმავლობაში. ხმა მივეცი ერთადერთ მერობის კანდიდატს, რომელსაც შეუძლია მეტი სიკეთის მოტანა ჩვენი დედაქალაქისთვის. ხმა მივეცი ძალიან ღირსეულ მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს ვაკის რაიონში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ძალიან ბევრი დამკვირვებელია საქართველოში ჩამოსული.
„რეალურად ძალიან ბევრი დამკვირვებელია ჩამოსული. ცესკოს ჰქონდა ბრიფინგი და არის ბევრი დამკვირვებელი ჩამოსული, თუ არ ვცდები, 1000-ზე მეტი დამკვირვებელია ჩამოსული. ჩვენ ასევე მოვიწვიეთ ეუთო/ოდირი, თუმცა მათ მოიწერეს პასუხი, რომ ვერ მოახერხებდნენ მისიის დაკომპლექტებას.
2007 წელს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მოიწვიეს ეუთო/ოდირი და ძალიან ადვილად მოხერხდა მაშინ მისიის დაკომპლექტება, ამიტომ ეს ვადა რეალურად იყო საბაბი. მე ვფიქრობ, მთავარი მიზეზი, რატომაც ეუთო/ოდირი არ ჩამოვიდა საქართველოში, არის ის, რომ იყო უპრეცედენტო თავდასხმები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათი უცხოელი მფარველების მხრიდან ეუთო/ოდირზე, ასეთ ფონზე ეუთო/ოდირს ჰქონდა თავშეკავების მიზეზი. სამ წელიწადში ეუთო/ოდირი აუცილებლად იქნება საქართველოში და როგორც ეს მიღებულია, დააკვირდება საპარლამენტო არჩევნებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მთავარი მიზეზი, რატომაც შეიძლება იყოს გარკვეული კლება აქტივობაში არის ის, რომ ოპოზიციას გადაწურული აქვს გამარჯვების იმედი და მათი ამომრჩეველი არის დემოტივირებული, თუმცა ამ ფონზე აქტივობა მაინც საკმაოდ მაღალია.
„მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა დღევანდელ არჩევნებში . იმ ფონზე, რომ ოპოზიციას აქვს საერთოდ დაკარგული გამარჯვების იმედი, რა თქმა უნდა, აქტივობა არის შედარებით დაბალი. ზოგადადაც, თქვენ იცით, რომ მუნიციპალურ არჩევნებს ახასიათებს შედარებით დაბალი აქტივობა და იმ ფონზე, რომ ოპოზიციას საერთოდ არ აქვს არჩევნებში გამარჯვების იმედი, რა თქმა უნდა, მათი ამომრჩეველი არის დემოტივირებული. თუმცა ამ ფონზე აქტივობა მაინც საკმაოდ მაღალია. 10:00-საათიანი ციფრები გამოცხადდება, 12:00-საათიანი ციფრები გამოცხადდება და ნახავთ, საბოლოო ჯამში, როგორია საერთო სურათი. მთავარი მიზეზი, რატომაც შეიძლება იყოს გარკვეული კლება აქტივობაში არის ის, რომ ოპოზიციას მთლიანად აქვს გადაწურული გამარჯვების იმედი. 3 წელიწადში, როდესაც ჩატარდება საპარლამენტოო არჩევნები, 2028 წლის 28 ოქტომბერს, ყველა ნახავთ, რომ აქტივობა იქნება მაღალი. ეს, რა თქმა უნდა, მათ შორის , განპირობებულია იმით, რომ ცესკო-ს მიმართ ნდობა არის ძალიან მაღალი. 60 %-ს სცილდება ამ კონკრეტული ინსტიტუტის მიმართ ნდობაც და ეს მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ. 2012 წლამდე, გახსოვთ, რომ სისტემურად და სისტემატურად ყალბდებოდა არჩევნები და 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ქვეყანაში ტარდება სამართლიანი არჩევნები,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნების სანდოობას და აქტივობას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.
„ნახეთ რამხელა აქტივობა იყო წინა არჩევნებზე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ვერაფერი ვერ დადეს, ბოლოს დავიდნენ რაღაც გაჟონვამდე სისულელემდე და მაინც გააპროტესტეს არჩევნების შედეგები. როცა არაფერი აქვთ სათქმელი, იქაც კი ენას ძვალი არ აქვს, ეს არის ოპოზიციის დამოკიდებულება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, როცა მმართველი პარტიის რეიტინგია 65%, ჭკვიანმა ადამიანმა არ უნდა იფიქროს დამხობაზე და რევოლუციის მოწყობაზე.
„თქვენ ძალიან კარგად ნახავთ, როგორ ჩაივლის პაატა ბურჭულაძის მიერ დაანონსებული დამხობის აქცია. გავიმეორებ ჩემს გაფრთხილებას - ვინმეს არ წაუცდეს ხელი კანონის დარღვევაზე და არ დაუცდეს ფეხი ამ კანონზე. თუ ჩაივლის მშვიდობიანად, ხომ კარგი, თუ შეეცდებიან ძალადობაზე გადასვლას, ამაზე პასუხს მიიღებენ. სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ოპოზიცია ძალიან სუსტად იქნება წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, მათ წარმატებას არავითარი პერსპექტივა არ აქვს. დღეს ვნახავთ, რომ დაახლოებით მილიონი ჩვენი თანამოქალაქე დღეს მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას“ და ნახავთ, რომ ამაზე გაცილებით ნაკლები, 100-ჯერ და 200-ჯერ ნაკლები ადამიანი შეიკრიბება დღეს რუსთაველის გამზირზე. როცა ჩვენი რეიტინგია 65%, როგორ შეიძლება ჭკვიანმა ადამიანმა იფიქროს დამხობაზე და რევოლუციის მოწყობაზე. ჩვენ გვაქვს სანდო კვლევები და ეს კვლევები უჩვენებს, რომ მმართველი პარტიის რეიტინგია 65%, 65%-იანი რეიტინგის პირობებში არც უნდა იფიქრო დამხობაზე, თუმცა , მათ არ აქვთ დამოუკიდებელი მოქმედების სივრცე. რასაც გარედან ავალებენ, იმას აკეთებენ. ეუბნებიან, შეასკდი კედელს თავით და ასკდებიან კედელს თავით, ეს არის რასაც ვხედავთ და რასაც ვიხილავთ დღეს საღამოს“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრულად განადგურების შემთხვევაში შედგება საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა.
„ეს კრიზისი, რაც არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ აუცილებლად უნდა გაღრმავდეს, გაღრმავდება კიდეც და მივა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრულ განადგურებამდე. მხოლოდ ამ შემთხვევაში შედგება საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, როდესაც საბოლოოდ განადგურდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამ მშვიდი არჩევნების საფუძველზე დამაჯერებლად მოიგებს „ქართული ოცნება“.
„ძალიან კარგია ის, რომ მშვიდი გარემო გვაქვს, მშვიდად წარიმართება საარჩევნო პროცესი. საბოლოო ჯამში, სწორედ ამ მშვიდი არჩევნების საფუძველზე დამაჯერებლად მოიგებს „ქართული ოცნება“. ეს იქნება შედეგი, რომელსაც ყველა იხილავს 20:00 საათის შემდეგ საქართველოში“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელიც ყველაფერს ასახავს.
„მოხდა ასეთი რამ, რაც ფაქტებით დასტურდება - ეს ადამიანები იყვნენ მისულები მეტეხის მიმდებარედ, გამოვიდა მესანთლე ქალბატონი ეკლესიის მიმდებარედ და სთხოვა, გადაეყენებინათ მანქანები, რაზეც მათ უპასუხეს შეურაცხყოფით. ორი ადამიანი გამოესარჩლა ამ ქალბატონს და ოცმა კაცმა ორ ადამიანს სცემა. ოცი ორზე იყვნენ. თქვენ ცდილობთ, გაამართლოთ იგორ ნარმანია, რომელიც 20 კაცით თავს დაესხა ორ ადამიანს. მესანთლე ქალბატონი ეუბნებოდა გადააყენეთ მანქანაო, ამაზე შეურაცხყოფა მიაყენა ამ სამარცხვინო „ნაცმა“, რაზეც ორმა კაცმა მოახდინა რეაგირება - მიუთითეს, რომ შეურაცხყოფას ნუ აყენებდნენ ქალს „ნაცები“ და ამაზე 20 კაცი ურტყამდა ორ კაცს, ეს არის ფაქტები. 20 კაცი ორზე იყვნენ და მოგერიების დროს ისიც კი ვერ მოახერხა, რომ თავში არ მოხვედროდა, ეგეც კი ვერ მოახერხა, იმიტომ, რომ „ნაცია“. 20 „ნაცი“ ორ მოქალაქეს რომ ურტყამდა, ეს ნორმალურია? ამაზე პასუხი რომ მიიღო, ამაზე შეიძლება სპეკულაციების აგება? გამოძიება დადებს ფაქტებს და მტკიცებულებებს. რამდენი კაცი იყო ერთ მხარეს და რამდენი მეორე მხარეს, ეს დადგინდება მტკიცებულებებით,“- განაცხადა პრემიერმა.