არჩევნებში კიდევ ერთხელ მივიღეთ მაღალი ნდობა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ქართველ ხალხს და ხაზს ვუსვამთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომელიც დაგვეკისრა ამ ნდობის საფუძველზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქვეყნის განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს.
„სამი წელი გვაქვს, რომელიც არის არჩევნებისგან თავისუფალი და ამ პერიოდის განმავლობაში გვექნება იმის შესაძლებლობა, მთლიანად ვიყოთ გადართული ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, პირდაპირი გაგებით ქვეყნის აღმშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეროვნულ დონეზეც გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი. ძალიან მალე ვაპირებთ უმაღლესი განათლების რეფორმის პრეზენტაციას, ინფრასტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვნად და ფუნდამენტურად გაიზრდება ეფექტიანობა პროექტების დაგეგმვა-განხორციელების კუთხით და არაერთი ძალიან ამბიციური პროექტი გვაქვს ინიცირებული, ბოლომდე მისაყვანი და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ. ადგილობრივ თვითმმართველობას რაც შეეხება, მუდმივად იზრდება მათი შემოსავლები, რაც იძლევა მეტი პროექტის განხორციელებისა და სოციალური პროგრამების გაფართოების საშუალებას. მართვის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით აქაც არის დიდი რესურსი და ამით იქნება დაკავებული რეგიონული განვითარების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ა.შ. ვპირდებით საზოგადოებას, რომ ყველა მიმართულებით ბევრი სიკეთე შევა თითოეულ მუნიციპალიტეტში, თითოეულ სოფელში, თითოეულ ქალაქში. ამით იქნება გამორჩეული შემდეგი სამი წელი და შემდეგი ოთხი წელი, ვგულისხმობ თვითმმართველობის უფლებამოსილების ვადას. მთლიანად ვიქნებით კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ეს იყო ჩვენთვის მე-10 საიუბილეო გამარჯვება. 2012 წლიდან მოყოლებული მეათედ მოვიგეთ საერთო ეროვნული არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სრულად უზრუნველყო ამომრჩევლის მობილიზაცია, რაც იყო პასუხი იმ რადიკალიზმზე, რაც ხდება ქვეყანაში ამ ერთი წლის განმავლობაში.
„ეს იყო ჩვენთვის მე-10 საიუბილეო გამარჯვება. 2012 წლიდან მოყოლებული მეათედ მოვიგეთ საერთო ეროვნული არჩევნები. პირადად მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, 7-ჯერ ვიყავი ჩართული ამ არჩევნებში და ძალიან მიხარია, რომ ყველა არჩევნები დასრულდა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით, არა მარტო „ქართული ოცნების“ გამარჯვებით, არამედ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით. რაც შეეხება ციფრებს, ყველა პარტია არის პასუხისმგებელი საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებაზე. ჩვენ გავიმეორეთ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგი, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი იყო ჩვენთვისვე იმიტომ, რომ ბუნებრივად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აქტივობა არის ბევრად უფრო დაბალი. 2021 წელსაც კი, 2020-თან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტოს გაუთანაბრდა თავისი დატვირთვით თვითმმართველობის არჩევნები, იყო სერიოზული კლება 2020-სა და 2021-ს შორის. აქ იყო მოსალოდნელი აქტივობის კლება და ამ ფონზე ჩვენ ავიღეთ, შარშან 1 120 000 ხმა და წელს ავიღეთ 1 105 000 ხმა, 15 000 ხმით ნაკლები, რა არის ცდომილების ფარგლებში. ჩვენ სრულად უზრუნველვყავით ჩვენი ამომრჩევლის მობილიზაცია, რაც იყო, მათ შორის, პასუხი ამ რადიკალიზმზე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში ამ 1 წლის განმავლობაში. იმდენად გამაღიზიანებელია ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობისთვის ეს პროცესი, რომელიც გარედან არის თავსმოხვეული ჩვენი ქვეყნისთვის, რადიკალიზაცია, სიძულვილის თავსმოხვევა, რასაც აკეთებენ ეს კოლექტიური „ნაცები“ ჩვენს ქვეყანაში, სწორედ ამის წინააღმდეგ დაირაზმა ამომრჩეველი, როდესაც გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე 4 ოქტომბერს. ამხელა მაჩვენებელი გვქონდა, პრაქტიკულად გავიმეორეთ წინა არჩევნების შედეგები“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა თბილისში „ქართული ოცნებისა“ და კახა კალაძის შედეგზე.
„რაც შეეხება უშუალოდ თბილისს, აქ არის სპეკულაციები. პირველ რიგში, რაც შეეხება აქტივობის დათვლას – აქტივობა, ოფიციალურად, ცესკოს მიერ ითვლება ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან, 3.5 მილიონიდან, საიდანაც დაახლოებით 700 000 ცხოვრობს ქვეყნის გარეთ. რეალური აქტივობა, ჩვენს ქვეყანას ახასიათებს ეს სპეციფიკა, უნდა იყოს დათვლილი 2 800 000 ადამიანიდან და იგივე ეხება თბილისსაც. რაც შეეხება უშუალოდ თბილისში „ქართული ოცნების“ და კახა კალაძის შედეგს – რეალურად, ეს შედეგი არის იმაზე მეტი, ხმათა რაოდენობით, ვიდრე იყო 2014 და 2017 რომ ავიღოთ, ამომრჩეველთა რაოდენობა დაახლოებით იგივე იყო თბილისში მაშინაც, ერთ შემთხვევაში იყო მეტი, ერთ შემთხვევაში იყო 2 000 ხმით ნაკლები. რამდენად უხეში სპეკულაციებია, თავადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. მარტივი დემოკრატიის ლოგიკაა, ასეთი ადვილი თუა 215 000 ხმის აღება თბილისში, რატომ ვერ აიღეს? რომ ამაყობს „ლელოს“ კანდიდატი. საპარლამენტო არჩევნები არ აღიარეს და ანალოგიურად ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები აღიარეს, სადაც კონკრეტულად „ლელომ“ აიღო ორჯერ ნაკლები ხმა და გახარიამ აიღო სამჯერ ნაკლები ხმა. 160 000 აიღო წინა არჩევნებზე და ახლა აიღო 50 000 ხმა და „ლელომ“ აიღო 180 000 და ახლა – 90 000 ხმა.
ჩატარდა არჩევნები იგივე სტანდარტებით, რაც იყო, ანუ მაღალი დემოკრატიული სტანდარტით, მაშინ არ აღიარეს, ახლა აღიარებენ. ერთ შემთხვევაში ერთ დავალებას იღებენ, მაშინ იყო დავალება, რომ პარლამენტი არ უნდა ეღიარებინათ და ამას უნდა გამოეწვია რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში. თვითმმართველობის არჩევნების საფუძველზე რომ რევოლუციას ვერ მოაწყობ, ეს იციან, ამიტომ ურჩევნიათ და მათ პატრონებსაც ურჩევნიათ, რომ ეს პლატფორმა მაინც გამოიყენონ, რაც აქვთ საკრებულოების სახით. საშუალოდ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთად გაიყვანა 2-ზე ნაკლები წევრი საკრებულოებში, თუმცა ეს პლატფორმაც არის მათთვის ღირებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუ არ ვცდები, 26 მანდატი აიღო გახარიას პარტიამ, რითაც გამოჩნდა, რომ „ნაცების“ „ლელოთი“ და გახარიათი ჩანაცვლების პროექტი მთლიანად ჩავარდა. შანსი არ აქვს ამ პროექტს 2028 წლისთვის. ეს იყო ტესტი, რომ გავწიოთ „ნაცები“, „ახალი“, ვინც შედგება მაშინდელი ხელისუფლების სახეებისგან, ეს პარტიები გაწიეს ამ არჩევნებზე და შემოიყვანეს ისეთი პარტიები, რომლებიც ნაკლებად არის დაკომპლექტებული მაშინდელი სახეებით, მათაც ჰყავთ ასეთი სახეები, თუმცა ნაკლებად. ეს პროექტი ჩავარდა, ალბათ გადააწყობენ სხვა მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იმედი გვაქვს, რომ 2028 წლის არჩევნებს ჩვენი ქვეყანა შეხვდება გაჯანსაღებული პოლიტიკური სპექტრით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არცერთი უცხოელი აგენტი აღარ უნდა დარჩეს ქართულ პოლიტიკაში.
„ჩვენ უკვე 5 ოქტომბრიდან დავიწყეთ მზადება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ყველა მიმართულებით ვემზადებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2028 წლის არჩევნებს ჩვენი ქვეყანა შეხვდება გაჯანსაღებული პოლიტიკური სპექტრით. არა ამ სიმახინჯით, „ლელოს“, გახარიას ჩათვლით; „ნაცები“, „ახალი“, სხვა პარტიებზე აღარ ვლაპარაკობ; არამედ ჩვენი ქვეყანა 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს უნდა შეხვდეს სწორედ გაჯანსაღებული ფორმით, ახალი პოლიტიკური სპექტრით. ეს არის მნიშვნელოვანი. უცხოელი აგენტები აღარ უნდა დარჩნენ ქართულ პოლიტიკაში. არცერთი უცხოელი აგენტი აღარ უნდა დარჩეს ქართულ პოლიტიკაში, ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ზომას, მათ შორის საკონსტიტუციოსაც. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აკრძალვას ვითხოვთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და უცხოური აგენტურა ქართულ პოლიტიკაში.
„ამაში შედის ცნობილი ოთხი პარტია და რამდენიმე მცირე პოლიტიკური გაერთიანება, ვისაც საკუთარი ფესვები აქვს „ნაცმოძრაობიდან“, ან ვინც არის დღევანდელობით დაკავშირებული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საერთო დღის წესრიგთან, ეს არის უცხოური აგენტურა. ეს ყველაფერი იქნება თითოეული პარტიის მიმართ დასაბუთებული ჩვენს სარჩელში და შემდეგ დაველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი სარჩელი იქნება უტყუარი მტკიცებულებებით გამყარებული, დანარჩენი უნდა დაველოდოთ სამართლებრივ პროცესს. გაჯანსაღება სჭირდება პრინციპულად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას და ამისთვის მთავარი ამოცანაა, რომ უნდა მოვაშოროთ უცხოელი აგენტები, რეზიდენტები ქართულ პოლიტიკას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ფორუმებზე ძირითადად პირად ურთიერთობებში ლიდერები არიან ძალიან პოზიტიურად განწყობილი და ასეთ განწყობას აფიქსირებენ ურთიერთობებში, საუბრებში, ეს მოხდა ბოლო შემთხვევაშიც და თან ეს განწყობა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარია, რომ განწყობები გადაიზარდოს რეალურად პოლიტიკური კუთხით ურთიერთობების გადატვირთვაში.
„ერთი-ორი გამონაკლისი არის ხოლმე ამ ფორუმებზე რასაც ჰქვია ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის ფორუმი, მაგრამ ძირითადად პირად ურთიერთობებში ლიდერები არიან ძალიან პოზიტიურად განწყობილი და ასეთ განწყობას აფიქსირებენ ურთიერთობებში, საუბრებში. ეს მოხდა ბოლო შემთხვევაშიც და თან ეს განწყობა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული იყო, ეს იყო საერთო ფონი. მთავარია, რომ ეს განწყობები გადაიზარდოს რეალურად პოლიტიკური კუთხით ურთიერთობების გადატვირთვაში, ეს არის მთავარი. ვნახოთ, დავიტოვოთ იმედი. იმედია, გააცნობიერებენ, რომ სამი წელი არაფრის შანსი აღარ აქვთ და უნდა დაელაპარაკონ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, დემოკრატიულ ხელისუფლებას. ვნახოთ რა იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.