გამოკითხვაზე ფორმალურად ვიყავით დაბარებული სუს-ის მიერ, მათი ვერსიით, ამოღებული იარაღის საქმეზე, რაზეც ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა:
„სუს-ის მიერ მოგონილი საკითხია, ისევე როგორც ბევრი წლის წინ საბურავები იყო, რომლებიც ნაგავსაყრელზე იპოვეს და თქვეს, ოპოზიციური პარტიები ამზადებენ რაღაცისთვისო. ეს საქმე დღემდეა შემოდებული თაროზე, რაც ადასტურებს, რომ იყო შეთითხნილი საქმე. ჩვენების მიცემაზე თანხმობა განვაცხადეთ და ვთქვით, რომ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. ვუპასუხეთ ყველა იმ კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა ამ საკითხს, თუმცა იყო მცდელობა, პაატა ბურჭულაძისთვის დაესვათ კითხვები იმ საქმეზე, რომელიც ამ საქმესთან კავშირში არ არის და ეხება საქმეს, სადაც მას აქვს ბრალდებულის სტატუსი.
დაკითხვაზე დაბარების რეალური მიზეზი იყო, პაატა ბურჭულაძის შეტყუება, რათა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით კითხვები დაესვათ.
ცდილობდნენ, გამოეძალათ ინფორმაცია – რას აორგანიზებდა, ვისთან ერთად აორგანიზებდა, ყველაფერზე მიიღეს შესაბამისი პასუხი. შავი პიარისთვის, რეპუტაციის შელახვისთვის ეძებენ საკენკს“