თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი საქართველოში ვიზიტისას, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა, რადგან, მისი თქმით, ძალადობრივი ჯგუფები სწორედ ქვეყნის გარედან ფინანსდებიან.
„ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო ამ ტიპის ნაბიჯის გადადგმა, თუმცა, არც გასაკვირია. იცით, რომ ძალადობრივი ჯგუფები გარედან ფინანსდებიან. რამდენიმე აკაცუკი შეიკრიბება, რუსთაველის გამზირს გადაკეტავს, თბილისის მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის. რაც შეეხება ეუთო-ს თავმჯდომარის ვიზიტს, ჩამოვიდა მათი პატრონი, რომ საკუთარი „შვილები“ მოენახულებინა.
იცით რა არის მთავარი? საზოგადოება უკვე ყველაფერს ხვდება, ყველაფერი ხელისგულზეა და ცხადია, ვის რა ინტერესი აქვს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, რა პოლიტიკური პროცესები მიდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამიტომ ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს და ჩვენი მტკიცე ხასიათი, პირველ რიგში, მიმართულია იქით, რომ დავიცვათ ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ეუთოს თავმჯდომარე 14-15 ოქტომბერს თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და როგორც მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციასაც დაესწრო.
15 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძემ, "კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო" ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა. გუშინვე, ფინური საზოგადოებრივი მაუწყებელი წერდა, რომ საგარეო მინისტრმა თავად გააუქმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა, ვინაიდან მას აზერბაიჯანში გამგზავრება დაგეგმილზე ადრე მოუწია. მოგვიანებით, ელინა ვალტონენი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.