პარლამენტმა კონკრეტული პარტიებისა და პირებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 81 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.

ცვლილებების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან კავშირში მყოფი ადამიანები ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო, თუ ადგილობრივ არჩევნებში, ვერ მიიღებენ პოლიტიკურ თანამდებობასა და აეკრძალებათ პოლიტიკური პარტიის შექმნა.

მმართველი გუნდის შეფასებით, ცვლილებები გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ გარემოს და აღკვეთს პოლიტიკაში რადიკალურად განწყობილი ექსტრემისტული ჯგუფების არსებობას, რომლებიც გამუდმებით უქმნიან საფრთხეს სახელმწიფოებრიობას.