"საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, ვადაზე ადრე შეუწყდა უფლებამოსილება", - შესაბამისი განცხადება საკონსტიტუციო სასამართლომ გაავრცელა.
ირინე იმერლიშვილის ბოლო, 2024 წელის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაშია თბილისში ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე ბინა, რომელშიც ნასყიდობის გზით 229,31 ლარი აქვს გადახდილი. როგორც შენიშვნაშია მითითებული, აღნიშნული ბინა საქართველოს ბანკს იპოთეკით აქვს დატვირთული.
რაც შეეხება ხელფასს, მას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობისას, 2023 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული აქვს 122581,86 ლარი. ასევე 2023 წელს, ხელფასის სახით მას აღებული აქვს 4777,77 ლარი შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, როგორც აფელირებულ ასოცირებულ პროფესორს.
მას ასევე უფიქსირდება სამომხმარებლო სესხი საქართველოს ბანკში, 165552,75 ლარის ოდენობით. ასევე იპოთეკური სესხი, 228580,17 ლარი აქვს აღებული ბინის საყიდლად და 2024 წელს იპოთეკური სესხის მომსახურებაში გადახდილი აქვს 7667.49 ლარი.
რაც შეეხება ირინე იმერლიშვილის სამუშაო გამოცდილებას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გვერდზე განთავსებული ინფორმაციით:
-დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (2002 წ.), სპეციალობით სამართალმცოდნეობა.
-1993-2000 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის აპარატში სხვადასხვა პოზიციაზე: სხდომების მომზადებისა და უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი; საორგანიზაციო დეპარტამენტის დარბაზის სამსახურის უფროსი; საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი; პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე საკანონმდებლო საქმიანობის საკითხებში.
-1994-1995 წლებში იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი.
-2000-2003 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის მოადგილე, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ბიუროს უფროსი, იუსტიციის სამინისტროს
-საკონკურსო - საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
-2003 წელს პრეზიდენტის განკარგულებით მინიჭებული აქვს სპეციალური სახელმწიფო
-წოდება - იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.
-2012–2013 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე; იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათათბირო ორგანოს - ხაზინადართა საბჭოს წევრი; პარლამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი; ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და უმრავლესობის წევრი; 36 კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი.
-2012-2013 წლებში იყო "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (№07-3/106, 13.06.2013), საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ "საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა (№07-3/107, 13.06.2013) და საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ "საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (№07-3/108, 13.06.2013) გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი.
-2012-2013 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის წევრი.
-2013-2017 წლებში - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის GAU (სამართლის სკოლის) დოქტორანტი.
-2013-2016 წლებში გახლდათ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე, ეროვნული უშიშროების საკითხებში, უშიშროების საბჭოს მდივანი.
-2016 წლის 12 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის № 230 ბრძანებულებით დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, ამავე წლის 2 ოქტომბერს, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.
-2019 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
-არის კავკასიის სამართლის სკოლისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, კითხულობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას და საკონსტიტუციო სამართალს.
-2023 წლიდან არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.