დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს შესახებაც ისაუბრებენ. შეხვედრა ლუქსემბურგში თბილისის დროით, დილის 11:15 საათზე დაიწყება.
"უმაღლესი წარმომადგენელი ისაუბრებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე და მინისტრებს მიაწვდის ინფორმაციას უახლესი მოვლენების შესახებ, მათ შორის 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული მუნიციპალური არჩევნებისა და დემოკრატიული რეგრესის შესახებ", - წერია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ხვალინდელი შეხვედრის აღწერაში.
ოქტომბრის სხდომაზე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მთავარი განხილვის საკითხი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია იქნება. შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი უხელმძღვანელებს.
განსახილველ საკითხებს შორის მოლდოვა, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ევროკავშირთან ურთიერთობა და სუდანში არსებული ვითარებაც არის.
შეხვედრის ბოლოს დაგეგმილია პრესკონფერენციაც, რომელიც თბილისის დროით, 16:45 საათზეა ჩანიშნული.