ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტს, ქეთა ციცქიშვილის 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტს ქეთა ციცქიშვილის 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ჟურნალისტი პოლიციამ დღეს, 20 ოქტომბერს, დააკავა.

გასულ კვირაში "ქართული ოცნების" პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია. იგივე ქმედების განმეორება კი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია.

აღსანიშნავია, რომ გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით ასევე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია "ფორმულას" კიდევ ერთი ჟურნალისტი ვახო სანაია. ციცქიშვილს ადმინისტრაციული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კობა ჩაგუნავამ შეუფარდა.