მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებლისთვის ღირსეულ ანაზღაურებას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას - ყაველაშვილი

თქვენდამი უდიდესი მადლიერების გარდა, რასაც ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისგან იმსახურებთ, მასწავლებლის საქმიანობა სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ის მიესალმება თითოეულ იმ ინიციატივას,  რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებლისთვის ღირსეულ ანაზღაურებას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას.

„მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებლისთვის ღირსეულ ანაზღაურებას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას. მხარს ვუჭერ თითოეულ იმ ინიციატივას, რომელიც თქვენი საქმიანობის წახალისებისა და მოტივაციის კიდევ უფრო მეტად ამაღლებისკენ არის მიმართული.  ბოლო წლებში, სახელმწიფომ ამ მიმართულებით მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რისი ერთ-ერთი მაგალითი „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ დაწესებაა. მიხარია, რომ ინიციატივა, რომელიც პირველად 2 წლის წინ განხორციელდა, საზოგადოებაში ასეთი მოწონებით სარგებლობს. დარწმუნებული ვარ, მისი მასშტაბები წლიდან-წლამდე გაიზრდება და ამ პროცესში მეტი მასწავლებელი ჩაერთვება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ახალ ინიციატივაზეც გაამახვილა ყურადღება.

„აღსანიშნავია ისიც, რომ პირადად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, წელს, პირველად, საქართველოს თითოეულ მუნიციპალიტეტში 5 ღვაწლმოსილი მასწავლებელი შეირჩა და დაჯილდოვდა, რომლებიც დღევანდელ ღონისძიებას ესწრებიან. მინდა თითოეულ თქვენგანს დიდი სიყვარულით მოგესალმოთ!“,- აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილმა „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ ლაურეატებს კიდევ ერთხელ მიულოცა და სამშობლოს და შვილების უანგარო სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა

„მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატებს გილოცავთ ამ დიდ წარმატებას, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაწესებული პრემიის მიღებას.  თითოეულ ქართველ პედაგოგს კი კიდევ ერთხელ გიხდით უდიდეს მადლობას ჩვენი სამშობლოს და შვილების უანგარო სიყვარულისთვის, თქვენი ამაგისთვის, რომელიც შეუფასებელია. გისურვებთ წარმატებებს და ულევ ენერგიას იმისთვის, რომ კიდევ უამრავი ღირსეული, პატრიოტი ქართველი გაუზარდოთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული პრემია – სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

პირველ რიგში, ყველა მასწავლებელს გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს და მადლობას გიხდით ჩვენი შვილების აღზრდისა და სამშობლოს წინაშე გაწეული საქმიანობისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ პედაგოგები აზიარებენ ბავშვებს იმ ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რაც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს.

„მასწავლებლობა, როგორც უდიდესი პატივი, ასევე უდიდესი პასუხისმგებლობაა. სიმბოლურია, რომ 27 ოქტომბერი, ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ქართველის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა, რომლის „დედა ენაზეც“ ქართველების არაერთი თაობა აღიზარდა. სწორედ თქვენ ხართ იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობის ღირსეული გამგრძელებლები, რადგან სწორედ თქვენ აზიარებთ ჩვენს შვილებს ბავშვობიდან ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რაც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი მასწავლებელი განსაკუთრებულ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს.

„მასწავლებლის როლი ნებისმიერ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რადგან აქვს უდიდესი ძალა და რესურსი, ბავშვობიდანვე მოახდინოს გავლენა ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე. ქართველი მასწავლებელი კიდევ უფრო განსაკუთრებულ სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებს. თქვენ, ჩვენი სახელმწიფოსთვის გამორჩეულად რთულ დროში, არა თუ მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ, არამედ, ხშირ შემთხვევაში, ანაზღაურების საერთოდ ვერ მიღების პირობებში, არაერთი თაობის გაზრდა და უამრავი ახალგაზრდის გადარჩენა მოახერხეთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მასწავლებლების ღვაწლი ფასდაუდებელია. მისივე თქმით, სკოლაში ახალგაზრდები არა მხოლოდ ცოდნას ეუფლებიან, არამედ სწორედ აქ ხდება მათი პიროვნებად ჩამოყალიბება.

„თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელია. თქვენ ხართ ადამიანები, ვისაც მოსწავლეების უსაზღვრო შესაძლებლობების სწამს და ამით თავად ახალგაზრდებს აჩვენებთ გზას, რომელზეც საკუთარი თავის რწმენით, დისციპლინით, თავდაუზოგავი შრომით ყველა მიზნის მიღწევა და ოცნების ასრულება შეუძლიათ. სკოლა, ფაქტობრივად, მეორე ოჯახია, სადაც ჩვენი შვილები არა მხოლოდ ცოდნას ეუფლებიან, არამედ, გარკვეულწილად, სწორედ აქ ყალიბდება მათი პიროვნება. ამის გათვალისწინებით, ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდების ღირსეულ ადამიანებად, პასუხისმგებლიან მოქალაქეებად და პატრიოტებად ჩამოყალიბების პროცესში თქვენ, პედაგოგები ფუნდამენტურ როლს ასრულებთ, კონკრეტული საგნების სწავლებასთან ერთად, ჩვენს შვილებს ადამიანობას, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულს ასწავლით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.