მთავრობამ პარლამენტს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი წარუდგინა, რომელიც პირველ წარდგენასთან არსებითად იდენტურია. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ შემუშავებული განრიგის მიხედვით, ბიუჯეტის პროექტის განხილვა დღეს, 4 ნოემბერს დაიწყება და 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.
დოკუმენტის მიხედვით, ბიუჯეტის მთლიანი ასიგნებები კვლავ 30.5 მილიარდი ლარითაა განსაზღვრული, რაც 2025 წლის ბიუჯეტთან შედარებით 2.5 მილიარდი ლარით მეტია. უცვლელი რჩება საგადასახადო შემოსავლების მოცულობაც - 23 მილიარდი ლარი, რაც მიმდინარე წელთან შედარებით 1.15 მილიარდი ლარით მაღალი მაჩვენებელია.
ასევე უცვლელია საგარეო კრედიტების პარამეტრი, რომელიც 3.41 მილიარდ ლარს შეადგენს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელთან შედარებით, ყველაზე მეტი ზრდა დაფიქსირდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში - 800 მილიონი ლარით. შედეგად, სამინისტროს დაფინანსება 9.6 მილიარდ ლარს მიაღწევს. ზრდის ძირითადი მიზეზი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხის მატებაა.
მეორე ყველაზე მსხვილი ბიუჯეტის მქონე უწყება იქნება ინფრასტრუქტურის სამინისტრო. მისი დაფინანსება 3.1 მილიარდი ლარით განისაზღვრება, რაც წლიურად 28 მილიონი ლარით ნაკლებია.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი კი 2.6 მილიარდი ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 470 მილიონი ლარით შემცირებაა.
თავდაცვის სამინისტრო მიიღებს 1.8 მილიარდ ლარს (ზრდა 70 მლნ ლარი),
შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1.47 მილიარდ ლარს (ზრდა 78 მლნ ლარი),
ხოლო ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება 195 მილიონი ლარით გაიზრდება და 1.14 მილიარდ ლარს მიაღწევს.
ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის დამტკიცება პარლამენტის პლენარულ სესიაზე ნოემბრის ბოლოს არის დაგეგმილი.
